ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ - რა წერია გენგეგმაში?

ბათუმს ველოგადაადგილების გენგეგმა მზად აქვს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მომდევნო წლიდან უნდა დაიწყოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამუშაოების დაგეგმარებისთვის თვითმმართველობამ კიდევ უნდა შეკრას სამუშაო ჯგუფი. შეადგინოს დამატებითი დოკუმნეტები და მხოლოდ შემდეგ იზრუნოს მისი განხორციელებისთვის სახსრების მოძიებაზე. გეგმა, რომელიც უკვე მხარდაჭრილია, ველოსისტემის მდგრადობის აუდიტს მოიცავს, რაც ველომოყვარულებს მოსწონთ. ოპოზიციას კი მისი განხორციელება აეჭვებს.

ეს ერთ-ერთი ქუჩაა ჭაობის ადმინისტრაციულ უბანში, სადაც ველობილიკი მონიშნული არაა. ბათუმის საკრებულომ, ველოგადაადგილების გენერალური გეგმა, გასულ კვირას დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, მერიამ, 66 კილომეტრი ველობილიკის მოწყობა, მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

ველოსიპედებისთვის სპეციალური სავალი ნაწილების მოწყობა მომდევნო წლიდან უნდა დაიწყოს. ამჟამად კი, მხოლოდ, პრიორიტეტული ქუჩების მონახაზი არსებობს. გეგმას კონკრეტიკა, თუ რომელი ქუჩიდან დაიწყება და როგორ გაგრძელდება სამუშაოები არ ახლავს. დეტალებზე თვითმმართველობა, ბიუჯეტის დაგეგმარების პარალელურად უნდა შეჯერდეს.

ველოქსელის მოწყობა, ქალაქისთვის უმტკივნეულოდ რომ არ ჩაივლის ფაქტია. ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე კეთილმოწყობილი ქუჩების გადაგეგმარებას მოითხოვს. არაა გამორიცხული, შეიცვალოს მოძრაობის მიმართულებები, შემცირდეს საპარკინგე ადგილები, დაბრკოლება გახდეს გარე ვაჭრობები, ტროტუარებზე არსებული მიშენებები და სხვა.

ბათუმში, ადამიანების ნაწილი ველოსიპედს სეირნობისთვის იყენებს და არა როგორც ტრანსპორტს, თუმცა, ველობილიკები უკვე ჩანს საგზაო-სატრანსპორტო სისტემაში, რასაც ველომოყვარულები წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. ახლა მათთვის მნიშვნელოვანი, სწორედ, ქალაქის უბნების ერთმანეთთან დაკავშირების უზრუნველყოფაა.

ველოინფრასტრუქტურა ქალაქში ნულიდან არ იქმნება, თუმცა, რაც წლების წინ გაკეთდა, ოპოზიციის შეფასებით, ქალაქმა ვერ განავითარა და ვერც შეინარჩუნა, ამიტომ, პროექტს უნდობლად უყურებენ.

ქალაქი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვას წლებია ელოდება, თუმცა, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით, კულტურა მაინც დაბალია. ამიტომ, მეტი პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, ველოგადაადგილების გენგეგმა, სხვადასხვა სახის აქტივობების, შეხვედრებისა და მარათონების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა