პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

გიორგი კალანდარიშვილი

5 წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს. მას მხარი პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 16 წავიდა.

საკანონმდებლო ორგანომ აირჩია ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებიც:

მაია ზარიძე - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
გიორგი შარაბიძე - 81 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
გია ცაცაშვილი - 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი.

შეგახსენებთ, 16 აპრილს, პირველი მცდელობით, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია. ამიტომ დღეს ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მათ ასარჩევად პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იყო საჭირო. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, "ოცნების" 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრებოდა. ხელახალ კენჭისყრაზე კი მხოლოდ 76 ხმა იყო საჭირო. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს 5 მარტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, "ოცნების" უმრავლესობამ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები მაინც დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

მეტის ნახვა