"მოუვლელი" ბათუმის სავიზიტო ბარათი - რა მდგომარეობაა ქალაქის ბულვარში?

დაზიანებული სანაპირო ზოლი, ჩატეხილი ხიდი, ამორტიზებული ქვაფენილები და მოუვლელი ინვენტარი - გიყვებით, უყურადღებოდ დარჩენილ ბულვარზე, რომელიც ზაფხულის  მოახლოებასთან ერთად, ქალაქის სტუმრებისთვის უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ბათუმის სავიზიტო ბარათი, რომელმაც ვიზიტორებს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები უნდა დაუტოვოს, დღეს არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება. ზღვისპირა პარკში გამოწვევად რჩება, სველი წერტილების სიმცირეც. თეო ფუტკარაძისა და მალხაზ ხუნდაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, რამდენად მზადაა რეკრეაციული ზონა ტურისტული სეზონის გახსნისთვის. 

ბათუმის ბულვარი ტურისტული ქალაქის სავიზიტო ბარათია. სეზონის მოახლოებასთან ერთად, დღითიდღე იმატებს ვიზიტორების რაოდენობაც. რეკრეაციულ სივრცეს, ყოველდღიურად, ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. თუმცა,  აქ გასეირნებით, მარტივად მიხვდებით, რომ ზღვისპირა პარკი ზაფხულის  სეზონისთვის მზად, ამ დრომდე არაა. პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, მოუწესრიგებელი სანაპიროა. „პიერ-ბათუმის“ დანგრევიდან სამ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ტერიტორია, ამ დრომდე, არაა მოწესრიგებული.

ვიდრე  სანაპიროზე გადახვალთ, ბულვარის ტერიტორიაზე, ინფრატსრუქტურულ პრობლემებს მრავლად წააწყდებით. მაგალითად, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ფილები ამორტიზებული და დატეხილია. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიამ ობიექტის რემონტი განახორციელა, პასუხისმგებელ უწყებებს, ირგვლივ არსებული გარემოს კეთილმოწყობაზე არ უფიქრიათ.

სახარბიელოდ არც ქალაქის შემოსასვლელი გამოიყურება. საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, უსახური ჯიხურები და დახლები უყურადღებოდაა მიტოვებული. რაც შეეხება ნაპირს სადაც თავს მეთევზეები იყრიან,  სრული განუკითხაობაა. სანაპირო  იმდენად დაბინძურებულია, რომ ერთი შეხედვით, საკანალიზაციო არხს ჰგავს.

მოუწესრიგებელი გარემო, განსაკუთრებით თვალშისაცემი, ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. რამდენიმე თვის წინ მომხდარი შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო კვლავ პირვანდელ მდგომარეობაშია. ტერიტორიაზე, ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით, მოაჯირებიც კი არ გაკეთებულა. ადგილობრივებთან ერთად, უკმაყოფილებას, ტურისტებიც გამოთქვამენ.

ამორტიზებულ შადრევანს, დაზიანებულ სკამებსა და მოუვლელ ინვენტარს, მოუწესრიგებელი ამფითეატრიც ემატება. გამწვანებულ ბილიკზე, რკინის კონსტრუქციებია განლაგებული. ბულვარის იერსახეს,  განსაკუთრებით, დასაწყობებული სამშენებლო მასალები ამახინჯებს. რკინის, ხის თუ სხვადასხვა კონსტრუქციები, ერთ-ერთ, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზეა განლაგებული. 

დღემდე მოუგვარებელია, ბულვარის ტერიტორიაზე საპირფარეშოების პრობლემაც. გარდა იმისა, რომ სველი წერტილების სიმცირე,  მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ამბობენ, რომ საპირფარეშოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელიც ზღვისპირა პარკშია განთავსებული, ხშირად, ჰიგიენის ნორმები  დაცული არაა. არსებული რეალობის ფონზე კი, მომხმარებლების შეფასებით, ფასი სერვისის შეუსაბამოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ველობილიკები მოეწყო, თუმცა, მის შეღებვაზე პასუხისმგებელ უწყებებს, წლებია რომ არ უზრუნიათ, ამას ჩვენი კადრებიც მოწმობს. ამ სიუჟეტით, ჩვენ ვეცადეთ გვეჩვენებინა, რომ ტურისტული ქალაქის სავიზიტო ბარათი, ვიზიტორების დასახვედრად,  მზად არაა.

მეტის ნახვა