აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 100 ობიექტს იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს

ბათუმის პორტი

აჭარაში კვების ობიექტების მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყება სერვისის დონეს რეგიონში არსებულ 100 ობიექტში იდუმალი სტუმრის მეთოდით შეაფასებს.

პროექტის მიზანი მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევების დადგენა და მათი აღმოფხვრისთვის სატრენინგო პროგრამების შემუშავებაა, რაც საბოლოო ჯამში სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

იდუმალი სტუმრის კვლევის შედეგები კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით და შეძლონ მათი გამოსწორება.

„თავის მხრივ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არსებულ მონაცემებს 2023 წლის სატრენინგო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინებს.

ყოველწლიურად, დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადებას უზრუნველყოფს.

მათ შორისაა საგანმანათლებლო პროგრამები გიდებისთვის, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა