პარტიების შანსები 2024 წლის არჩევნებისთვის - ვინ რას პროგნოზირებს | შეფასებები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინ თითქმის მთელი წელია, თუმცა პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვთ და საპროგნოზო შედეგებსაც აანონსებენ. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ხმების 60%-ს დამაჯერებლად მიიღებს. ოპოზიცია, მოსახლეობას საპირისპიროს ჰპირდება. დარწმუნებით ამბობენ, რომ შემოდგომის კენჭისყრა„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრული იქნება. რატომ ეიმედებათ გამარჯვების პარტიებს და რის საფუძველზე საუბრობენ ისინი ასე დარწმუნებით? პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები.

„რეგიონები საქართველოსთვის“ ახალბედა პარტიაა. მოახლოებული არჩევნებისთვის იგი პირველ ნაბიჯებს დგამს და გამარჯვების ამბიციაც აქვს. რატომ არიან პარტიაში დარწმუნებულნი, რომ ოპონენტებს დაამარცხებენ და უპირველესად მმართველ გუნდს - ლიდერი ამბობს, რომ მათი მთავარი ფორმულა რეგიონების გაძლიერებაა. ტარიელ ნაკაიძე ამაში როგორც ადგილობრივი პრობლემების უკეთ წარმოჩენას, ისე პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლებას გულისხმობს. 

გამარჯვების სწამთ პარტიაშიც  „გირჩი-მეტი თავისუფლება“. გუნდის წევრი ამბობს, რომ ამის გასაღები შემდეგშია: საზოგადოებას აჩვენონ რა შეიცვლება ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გუნდის წასვლით. და მეორე, შეძლონ არა მატერიალური, არამედ იდეოლოგიური პოლიტიკის გატარება. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ იგი რეფორმატორი პარტიაა და საზოგადოება ამას დააფასებს, თუმცა მათი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი ძალა საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც პროდასავლური ღირებულებისაა და სხვადასხვა პერიოდში, რუსულ გავლენებს საჯაროდ, ქუჩაში გამოსვლებით დაუპირისპირდა.

ის, რომ 50%-იან ზღვარს „ქართული ოცნება“ ვერ გადალახავს, ეჭვი არც „ლელოში“ ეპარებათ. ამბობენ, რომ საზოგადოება ოპოზიციურადაა განწყობილი და ამას ვერაფერი შეცვლის. გარდა ამისა,  ფიქრობენ, რომ მათი წარმატება განახლებულ მარშალის გეგმაშია.

ოპოზიციის რეიტინგი დაბალია, თუმცა პოზიციებს კარგავს „ქართული ოცნებაც“ , ამბობენ გუნდში, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ახალი პარტიით აპირებს პოზიციონირებას. რა განსაზღვრავს მათი გამარჯვების მოლოდინებს, აქ ამბობენ, რომ მმართველი გუნდისთვის განაჩენი მისივე არასწორი პოლიტიკა გახდება.

„ქართული ოცნება“ მარცხს გამორიცხავს. ეს პარტიის ლიდერების ყველა პოლიტიკურ გამოსვლაში ჩანს. თუმცა ადგილობრივ დონეზე, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში არავის აღმოაჩნდა სურვილი ეთქვა, რატომ არის დარწმუნებული, რომ სძლევს მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს და კიდევ ერთი ვადით გაიხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას.

მეტის ნახვა