რა გზავნილები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს კონტრაქციაზე | შეფასებები

პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გუშინ კონტრაქციაზე შეკრებილებს ღია და სკანდალური გზავნილებით ესაუბრა. ყოფილმა პრემიერმა ხალხს „ქართული  ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის რანგში რუსთაველის გამზირზე იმავე ადგილიდან მიმართა, სადაც, წინა დღით, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა მასშტაბური აქცია გაიმართა. თუ კი 5 წლის წინ გამართულ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილი, აქცენტებს საქართველოს ევროპულ მიზანსა და ისტორიულ ოჯახში დაბრუნების აუცილებლობაზე სვამდა, გუშინ მისი გამოსვლის შინაარსი რადიკალურად სხვა იყო. თქვა, რომ „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურადაა შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანი - „აგენტურისთვის“ ძალების გამოცლაა, შემოდგომის არჩევნებისთვის. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა რუსეთთან დააპირისპირა. "ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და რეპრესიებიც დააანონსა. გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, მეორე ფრონტი, აგენტურა - რა იკითხებოდა ივანიშვილის გამოსვლაში და როგორ აფასებენ მის „მესიჯბოქსს“ ადგილობრივი პოლიტიკოსები? ნაირა ქობულაძე გიამბობთ.

ბიძინა ივანიშვილის მიერ მმართველი გუნდის რიტორიკის გამეორება  არ უკვირთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. რეზო ხარაზი ამბობს, რომ  ოლიგარქმა ხალხთან  სიღარიბის დაძლევის გზებსა  და გაჭირვებული ადამიანების  პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკით მოსაუბრე პოლიტიკოსების ბოლო ასლან აბაშიძის ხვედრია.

ივანიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დასასრულის  დასაწყისად მიიჩნევს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ პროცესებში გარდამტეხი  ფაქტორი რუსული კანონის მიღება იქნება. მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრი პოლიტიკურ კარიერას რუსეთში დაასრულებს.

ივანიშვილის განცხადებები იყო არაადეკვატური, მიიჩნევს აკაკი გვიანიძე. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამბობს, რომ ოლიგარქის მთავარი შეცდომა ის არის, რომ მას მთავარ ოპონენტად ოპოზიცია მიაჩნია.

ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ ქვეყანას პოლიტიკური კურსი შეცვლილი აქვს, ფიქრობენ პარტიაში „გირჩი მეტი თავისუფლება“. თემურ გორგაძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის გამოსვლაში ერთ-ერთ მთავარ მესიჯად დაინახა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი განსხვავებული აზრის დევნას დაიწყებს.

პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ კი მიაჩნიათ, რომ ივანიშვილმა გუშინდელი გამოსვლით მოახდინა იმის ლუსტრაცია, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება. ვაჟა დარჩიას თქმით,  გუშინდელ მუქარაზე მკაფიო პასუხს ქართველი ხალხი მას ოქტომბერში გასცემს.

მმართველ გუნდში კი ბიძინა ივანიშვილის მიმართვას დადებითად აფასებენ. თენგიზ აფხაზავას განცხადებით  ეს იყო მესიჯები, რომლითაც ქვეყნის ლიდერმა მოსახლეობა დაამშვიდა და უთხრა, რომ ბინძური ფულით დაფინანსებული ძალები ვერ შეძლებენ რევოლუციური სცენარის განხორციელებას.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა კონტრაქციაზე აერთიანებდა ყველა იმ მთავარ მესიჯსა და ტერმინებს, რომლებსაც მანამდე "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ახმოვანებდნენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.

მეტის ნახვა