ჩავარდნილი სეზონი და მოლოდინები, რომლებიც ბათუმელებს არ გაუმართლდათ - ტურისტულ ქალაქში დამსვენებლების სიმცირეა

სამ ივნისს, ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. საგანგებო ღონისძიებებისთვის, ბათუმის მერიამ, ბიუჯეტიდან, 330 ათას 360 ლარი გადაიხადა. ახლა, ზაფხულის სეზონი კალენდრით, აქტიურ ფაზაშია, თუმცა ქალაქში ეს არ იგრძნობა. უძრავი ქონების მფლობელები და სამაკლერო სააგენტოები, დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობენ. მომხმარებლების ნაკლებობაზე საუბრობენ მომსახურების თითქმის ყველა სეგმეტში. სერვისის მიმწოდებლებს, მიზეზების ახსნა უჭირთ, თუმცა ეჭვობენ, რომ ჩავარდნილი სეზონის მიზეზი მაინც ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით აგორებული ჭორია.

ზუსტად ერთი კვირის წინ, როცა საოცრებათა მოედანზე, „ბათუმის ფესტივალი“ გაიხსნა, ზღვა ემოცია ნამდვილად იყო. ნაირფერად მორთული გარემო აქ, ისევ, ისე გამოიყურება, როგორც გახსნისას, თუმცა, ემოციების გამზიარებელი ნაკლებია. ზაფხულის ცხელი სეზონი, კალენდრით, პიკშია, მაგრამ, ბათუმელები, დამსვენებელთა სიმცირეზე საუბრობენ. მომხმარებელი კაფე-ბარებშიც ნაკლებია. კვების ობექტებში, როცა წვიამიან  ამინდში, წესით, ყველაზე მეტი ვიზიტორი უნდა აფარებდეს თავს, მაგიდები ცარიელია.

კვების ობიექტებისგან განსხვავებით, ფასები არ შეცვლილა იახტკლუბში. მომხმარებელი აქაც ცოტაა. ამბობენ, რომ გასულ წელს, როცა რუსეთის ომი უკრაინაში ახალი დაწყებული იყო და დაძაბულობაც მეტი, დასვენების დრო ფაქტობრივად არ ჰქონდათ, წელს კი, იახტით თუ სასეირნო გემით, ზღვაში გამსვლელებზე ნადირობაა. 

რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ დამსვენებლები, გასულ წელს, ფულს თამამად ხარჯავდნენ, რადგან, ომის ამ დრომდე გაგრძელებას არავინ ელოდა. ახლა კი უჭირთ პროგნოზი, რა იქნება ხვალ და ამიტომაც ბიუჯეტურად ისვენებენ. ნაწილის აზრით, ვიზიტორები, ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ დააფრთხო.

ტურისტულად, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციაზე, ალი და ნინოს ძეგლთან, ღია კაფეებში, მაგიდები თავისუფალია, ცარიელია ატრაქციებიც, ნაკლებად ქირაობენ სასეირნო ველოსიპედებს.  სანაპიროზე, შეზლონგების უმრავლესობაც, თითქმის, ალაგებულია.

ერთი შეხედვით, ქალაქს უცხოელები არ აკლია, თუმცა, გასაქირავებელი ბინები მაინც თავისუფალია. მეპატრონეები ამბობენ, რომ დღიურად ქირაობით არავინ ინტერესდება. დამკვეთისთვის მომხმარებლების შოვნა უჭირთ სამაკლერო სააგენტოებსაც. შეკვეთების რაოდენობამ, წელს ტურისტულ სააგენტოებშიც იკლო. შექმნილ რეალობას, კიდევ, რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ამბობენ, რომ წელს, ადგილობრივებს, დიდ კონკურენციას უწევენ ომის შემდეგ ჩამოსული რუსები და უკრაინელები. მათ დაიპყრეს, როგორც უძრავი ქონების, ისე სარესტორნო სექტორი და ახლა, მხოლოდ, ერთმანეთს აძლიერებენ. ამას, გაზრდილი ფასებიც ემატება.

ფაქტი ერთია. ივლისში, ადგილობრივებს, მოლოდინი, ნამდვილად გაუცრუვდათ. ახალა, მათი იმედი აგვისტოს თვეა. თუ ვიზიტორები იმ რაოდენობით  შემოვლენ, როგორც ეს გასულ წელს იყო, მაშინ, სეზონისთვის გაწეული ხარჯების დაბალანსებას შეძლებენ. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, სამომავლოდ, თავის გატანა, ნამდვილად, გაუჭირდებათ.

მეტის ნახვა