მშობლის 10 ფრაზა, რომლებიც ბავშვს ფსიქიკას უნგრევს და ბედნიერ მომავალს უკარგავს - რა უნდა იცოდეთ?

ბავშვი

ამ ფრაზებს სტრესის ან დაღლილობის ფონზე მშობლები ხშირად ამბობენ და ფიქრობენ, რომ სრულიად უწყინარი წინადადებებია. შესაძლოა, იმავე ფრაზებით მათ თავიანთი მშობლებიც მიმართავდნენ და ბავშვობის ნეგატიურ გამოცდილებას საკუთარ შვილებსაც გადასცემენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქოლოგები ასახელებენ 10 ფრაზას, რომლებიც შვილებს არ უნდა უთხრათ, თუ არ გსურთ, რომ მათ თვითშეფასება დაუქვეითოთ და მოტივაცია დაუკარგოთ:

1. უფროსი ხარ, მაგალითი უნდა მისცე შენს ძმას/დას

უკვე დიდი ხანია, ფსიქოლოგები საუბრობენ, რომ დაბადების თანმიმდევრობა ბავშვის ხასიათსა და ბედზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უფროსი ბავშვები ხშირად ლიდერებად იზრდებიან, მაგრამ ისინი დაბალი თვითშეფასებას განიცდიან, რადგან, როგორც წესი, მშობლები იშვიათად აქებენ და მათგან ძალიან ბევრს მოელიან. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ჩვენი თხოვნით ვერ გახდება ზრდასრული, თუნდაც ძალიან მოინდომოს. მას ისეთივე უფლება უნდა ჰქონდეს, დაუშვას შეცდომები, ითამაშოს, იცელქოს და დრო მხიარულად გაატაროს, როგორც უმცროსს. ისიც პატარაა და მას სჭირდება ჩვენი ყურადღება და თანადგომა. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ "დიდისა" და "პატარას" ოჯახური როლები ორივე ბავშვისთვის სახიფათოა, რადგანაც ისინი გარკვეულ ჩარჩოში ექცევიან, ცდილობენ, დაწესებული სცენარის მიხედვით იმოქმედონ და შინაგანი თავისუფლება ეზღუდებათ. ბავშვი, რომელიც ცდილობს, რომ ვინმესთვის, თუნდაც პატარა და-ძმისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს, თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას, შემოქმედებითობას კარგავს და შეცდომების შიში უჩნდება. "პატარა" კი ცდილობს, ეს როლი დიდხანს მოირგოს, სულ მოითხოვოს, რომ შეცდომები აპატიონ, დაუთმონ, მას მიანიჭონ უპირატესობა და ასე შემდეგ.

2. სულელი ხარ? ამას გამიზნულად აკეთებ?

სამწუხაროდ, მსგავსი რიტორიკული შეკითხვები სუპერმარკეტებში, სათამაშო მოედნებზე, სანაპიროზე და კაფეებში სულ უფრო ხშირად ისმის, როდესაც მშობლებს თავიანთი მხიარული და აქტიური ბავშვები მიჰყავთ და ისინი ცელქობენ. ყველა მშობელმა აუცილებლად უნდა ისწავლოს, რომ ბავშვს არასდროს უწოდოს არანორმალური, სულელი, ბრიყვი, იდიოტი და ა.შ. როგორაც არ უნდა გაბრაზდეთ და ფიქრობდეთ, რომ თქვენი შვილი ცუდად იქცევა, მსგავსი ფრაზებით არ მიმართოთ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ იმ მომენტში არც გისმენთ და ვერ იაზრებს, რას ეუბნებით, მაგრამ ასეთი ეპითეტები ბავშვის თვითშეფასებას აქვეითებს და უამრავ კომპლექსს უყალიბებს. თუ ძალიან გაბრაზებული ხართ, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დამშვიდდეს, ღრმად ისუნთქეთ, წყალი დალიეთ, ცოტახნით ჰაერზე გადით და შემდეგ აუხსენით ბავშვს ის, რაც არ მოგწონთ.

3. შენი ძმა/და ყოველთვის კარგად იქცევა, შენ კი...

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვების ერთმანეთთან შედარება საუკეთესო საშუალებაა მათი ურთიერთობის გასაფუჭებლად. დაბადებიდანვე აგრძნობინეთ თქვენს შვილებს, რომ ერთნაირად გიყვართ. რაც შეიძლება ხშირად, ხაზი გაუსვით თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, შეაქეთ და შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ შედარება. ასე შვილებს შორის ფარულ შუღლს გააღვივებთ, რამაც შესაძლოა, აგრესია გამოიწვიოს.

4. სიცოცხლე გამიმწარე

ამ ფრაზით მშობლები ხშირად ცდილობენ, რომ ბავშვი საკუთარ ქცევაზე დააფიქრონ და უბიძგონ, რომ ცუდი ჩვევები მოიშოროს. თუმცა, შესაძლოა, სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღოთ და თქვენმა შვილმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს, დანაშაულის შეგრძნება გაუჩნდეს და ამან გადამეტებული შფოთვა, ნერვიულობა, უმადობა და უძილობა გამოიწვიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ისწავლონ, როგორ გადასცენ თავიანთი ემოციები, უკმაყოფილება შვილებს. არ უთხრათ "შენ მე გამაგიჟებ", შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზა, რომლითაც სიტუაციას აუხსნით. მაგალითად: "დავიღალე ხმაურით, მოდი, წყნარი თამაში მოვიფიქროთ."

5. ახლა დაეცემი

როგორც წესი, მშობლის ეს "წინასწარმეტყველება" 10 შემთხვევიდან 9-ში მართლდება. ამას კი შემდეგი ფრაზა მოსდევს: "ხომ გეუბნებოდი". საქმე ისაა, რომ ბავშვი ფსიქოლოგიურად იჯერებს, რომ დაეცემა, კონტროლს კარგავს და მართლა ეცემა. არის რაღაცები, რაც უბრალოდ ფაქტად უნდა მიიღოთ. მუდმივი შეძახილი, რომ არ დაისვაროს, არაფერი დაკარგოს, არ გაცივდეს, ბავშვს ძალიან დიდ შფოთვას უყალიბებს და უკურეაქციას იწვევს.

6. რა აუტანელი ხარ

რა თქმა უნდა, არც ერთი ბავშვია აუტანელი, მაგრამ ზოგჯერ მათი ქცევა და სიცელქე მშობლებისთვის რთულად ასატანია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფრაზებით: "რა აუტანელი ხარ", "სულელი ხარ" არასასურველ ქცევას გავაძლიერებთ და შემდგომში მის ცხოვრებას კიდევ უფრო გავართულებთ. ამიტომ, მსგავს სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია, მშვიდად დავსვათ ბავშვი და ვუთხრათ, რა არ მოგვწონს მის ქცევაში. მან უნდა გაიგოს, რომ თავად კი არაა აუტანელი და საშინელი, მისი ქცევა არ მოგწონთ.

7. შენ ყველას ჯობიხარ/ ყველას უნდა აჯობო

ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ფრაზაა, რომელიც შესაძლოა ბავშვმა სულ სხვა მიმართულებით გადათარგმნოს და იფიქროს, რომ მუდმივად უნდა შეეჯიბროს სხვებს და საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოს. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შვილს ლიდერის, გამარჯვებულის პოზიციაში ხედავთ, მაგრამ ძალიან ხშირად, მშობლის მოთხოვნა, რომ მან ყველას აჯობოს, ბავშვის შინაგან მდგომარეობას საერთოდ არ ემთხვევა. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი არ იბადება ლიდერის თვისებებით და მოლოდინის შექმნა, რომ ის ყველაზე მაგარი უნდა იყოს, მხოლოდ შფოთვას გაზრდის და თვითშეფასებას დაუკარგავს.

8. შენგან არაფერი გამოვა

შესაძლოა, მშობელს აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი საუკეთესოდ იმღერებს, მაგრამ ბავშვს სიმღერა არ აინტერესებს, სმენაც არ აქვს. ან კიდევ სურს, რომ ჭადრაკის თამაშით დააინტერესოს, ის კი ეზოში გარბის. ზოგჯერ მსგავსი იმედგაცრუებები მშობლებში ძლიერ ემოციებს იწვევს და შვილს ეუბნებიან, რომ მისგან არაფერი გამოვა. ეს ფრაზა ერთ-ერთი ყველაზე საზიანოა ბავშვისთვის. თუ თქვენ ამ ფორმით ეცდებით, რომ თქვენი შვილი გამოაფხიზლოთ და ამბიცია გაუჩინოთ, არაფერი გამოგივათ, რადგანაც ხშირად ბავშვები იჯერებენ, რომ მართლაც არაფერი გამოსდით და ბრძოლას წყვეტენ. გაამხნევეთ თქვენი შვილი, წარუმატებლობის შემთხვევაში უთხარით, რომ კიდევ სცადოს, ირწმუნეთ მისი შესაძლებლობების და ის მართლაც მიაღწევს წარმატებას.

9. დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა

ამ ფრაზაში ცუდი არაფერია, პირიქით, ამის გარეშე არც შეიძლება. მაგრამ თუ თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ, ბავშვს არ უნდა მოატყუოთ ან ჩათვალოთ, რომ მას "არაფერი ესმის". როდესაც მშობლები მწუხარებას ან დეპრესიას განიცდიან, ბავშვები ამას აუცილებლად იგრძნობენ და მიხვდებიან, რომ რაღაც ცუდადაა. ეს კი მათში საოცარ დაბნეულობასა და სასოწარკვეთას იწვევს, ნერვიულობენ და არ იციან, რა გააკეთონ. ჯობს, მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, რაც ხდება, ვიდრე, უთხრათ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ამ დროს თავად იყოთ ცუდად.

10. დედაშენს/მამაშენს ვერაფერს ვაგებინებ

მშობლები სხვადასხვა საკითხს შესაძლოა, განსხვავებულად უყურებდნენ. ერთს სპორტი მოსწონდეს, მეორეს მუსიკა. ერთი ვეგეტარიანელი იყოს, მეორეს კი ხორცი უყვარდეს. მუდმივი დაპირისპირება ბავშვს ძალიან აბნევს და ვეღარ იგებს, რომელი გააკეთოს. როდესაც ეუბნებით, რომ მეორე მშობელი ცუდად იქცევა, ბავშვს არჩევანის წინაშე აყენებთ, რომელი უყვარდეს, რომელს დაუჯეროს. საბოლოოდ კი, ძალიან ინერვიულებს და შფოთვაც მოემატება. ამიტომაც, ჯობს, მშობლები წინასწარ შეთანხმდეთ აღზრდის ძირითად პრინციპებზე და შვილს ეჭვები არ გაუჩინოთ.

 

წყარო: mshoblebi.ge

მეტის ნახვა