7 რჩევა, როგორ დაიცვათ პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. საერთაშორისო კვლევების თანახმად, ერთი ადამიანის მონაცემები საშუალოდ 250-დან 1000-მდე ბაზაშია რეგისტრირებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კი მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, სად, რატომ და რა მიზნით მუშავდება მისი მონაცემები და მოითხოვოს საკუთარი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება - სახელი, გვარი, მისამართი, ფოტო, სამედიცინო ინფორმაცია, საბანკო ანგარიშის დეტალები, ასევე, ინფორმაცია პირის ინტერესების და შეხედულებების შესახებ და ა.შ.

გთავაზობთ რჩევებს, როგორ უნდა დაიცვას მოქალაქემ პირადი მონაცემები.

1. თქვენ გაქვთ უფლება, იცოდეთ:

- რომელი ორგანიზაცია ამუშავებს თქვენს მონაცემებს;

- რა სახის მონაცემები მუშავდება;

- რა მიზნით მუშავდება თქვენ შესახებ მონაცემები;

- რა გზით შეგროვდა თქვენ შესახებ ინფორმაცია;

- არის თუ არა მონაცემის დამუშავება კანონის შესაბამისი;

- ვისზე გაიცა თქვენ შესახებ მონაცემები.

2. დააზუსტეთ მონაცემთა შეგროვების საფუძველი და ადეკვატურობა

ხშირად ამა თუ იმ მომსახურების მისაღებად, თქვენგან სხვადასხვა მონაცემებს ითხოვენ. შეგიძლიათ დაინტერესდეთ, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, თუ სავალდებულოა, რა შედეგი დადგება მათი მიუწოდებლობის შემთხვევაში.

თუ ეჭვი შეგეპარათ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია აღემატება კონკრეტული მომსახურების მიღების მიზნებს, დააზუსტეთ მათი მოთხოვნის საფუძველი. ეცადეთ გასცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული მომსახურების მისაღებად.

3. გაეცანით თქვენზე არსებულ მონაცემებს

თქვენ გაქვთ უფლება, გაეცნოთ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ინახება ამა თუ იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციებში (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიიღოთ ამ ჩანაწერების ასლები.

იმ შემთხვევაში, თუ უარი გეთქვათ მონაცემების გაცნობაზე, მიზეზი აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული.

4. შეამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემის სისწორე

თუ თქვენს შესახებ ამა თუ იმ ორგანიზაციაში არსებული მონაცემები მცდარი ან მოძველებულია, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება.

ხოლო, თუ მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ მათი დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

თუ ამა თუ იმ ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტეთ, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მონაცემთა შემდგომი გამოყენების შეწყვეტა - მაგალითად, თქვენი მონაცემების ამოღება კლიენტების ბაზიდან.

მოთხოვნა, შესაძლოა, განხორციელდეს წერილობით, ზეპირად ან ელექტრონულად, ხოლო მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, 15 დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი.

5. ონლაინ მოქმედებების განხორციელების დროს:

- დარწმუნდით ვებგვერდის დაცულობაში;

- ხშირად ცვალეთ ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელის, ონლაინ მაღაზიების, ინტერნეტბანკინგისა და სხვა მომსახურებების პაროლები, ხოლო მათი შერჩევისას გამოიყენეთ რთული კომბინაცია.

- გადაამოწმეთ ვის და რა სახის ინფორმაციას უზიარებთ (ფოტოებს, დოკუმენტებს, კონტაქტებს, მდებარეობას და სხვა), გადაამოწმეთ ხომ არ არის ჩართული ავტომატური გაზიარების ფუნქცია;

- თუ იყენებთ საერთო მოხმარების კომპიუტერს, წაშალეთ თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებების (ნანახი ვებგვერდები და სხვა) ისტორია.

- სხვადასხვა ვებგვერდზე სანამ გაივლით ონლაინ რეგისტრაციას, გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

6. დაიცავით დოკუმენტების უსაფრთხოება

ნუ დატოვებთ პერსონალური მონაცემის შემცველ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, ამონაწერი ანგარიშიდან, პასპორტი, ბლოკნოტი და სხვა) უყურადღებოდ და დაუცველ ადგილას. გარკვეულ შემთხვევებში ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტების ასლების განადგურებაც (მაგალითად, სასტუმრო მომსახურების გაწევის შემდეგ).

7. თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ უფლება საჯარო დაწესებულებაში შეილახა, საჩივრის წარდგენა შესაძლებელია იმავე ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, საქმის განხილვის დასრულებამდე კი შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა.

მეტის ნახვა