"ვალუტაში დაკონვერტირებული ღირსება" - აკაკი გვიანიძე ყოფილ თანაგუნდელს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

„ვალუტაში დაკონვერტირებული ღირსება“ - ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელსა და „ქართულ ოცნებას“ გარეგებაში ადანაშაულებს. აკაკი გვიანიძე დარწმუნებულია, რომ ექს თანაპარტიელი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაიყიდა, ბათუმის საკრებულოს ხვალინდელი სხდომა კი, გაწეული სამსახურისთვის, მადლობის დეკლარირება იქნება. გვიანიძის თქმით, დაგეგმილია, ბათუმში, „ქართულ-ამერიკულ აკადემია პროგრესს“ მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭონ და ამ მოტივით, მფლობელს, ნინო ჩიკვაშვილს, სართულის დამატების უფლება მისცენ. ჩიკვაშვილი, გახარიას პარტიიდან, ქუთაისის საკრებულოს წევრი გახდა, რომელმაც შემდეგ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა და უაპარტიო მანდატი აიღო.

როგორი იქნება გადაწყვეტილება, ეს ხვალ გამოჩნდება, თუმცა „ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი“-ს შენობისთვის მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსის მინიჭებაზე, ბათუმის საკრებულომ, ხვალ, წლის პირველ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. თუ სტატუსი მიენიჭება, ეს ნიშნავს, რომ სკოლის დირექტორს და მფლობელს, შენობაზე, უკვე დამატებულ სართულს კანონიერად ჩაუთვლიან. ბათუმის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან ამბობს, რომ ასე უხდის მადლობას „ქართული ოცნება“  ნინო ჩიკვაშვილს გაწეული სამსახურისთვის, რომელიც რეალურად გახარიას არა იდეოლოგიური შეუთავსებლობისთვის განუდგა, არამედ, თავად გარიცხეს პარტიიდან  „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში მხილებისთვის. 

„ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი“ პირველი ობიექტია აჭარაში, რომელსაც მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსი შეიძლება მიანიჭონ. და მაინც, რა უპირატესობაა ეს სტატუსი, ვის, რას ან რისთვის და რა პრინციპით ანიჭებენ, განსხვავებული პასუხი არც საკრებულოს სხვა ოპოზიციონერ წევრებს აქვთ. მხოლოდ, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ასკვნიან, რომ ეს არის საშუალება, შენიღბო გარიგებები და აყალბო არჩევნები. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ სხვა პასუხი ვერც იმ სხდომაზე მიიღეს, როცა მუნიციპალური მნიშვნელობის სტატუსის მინიჭების წესი შემოიღეს. 

თვითმმართველობას, კითხვებით ცხადია მივმართეთ. პასუხი, ფრაქციის სახელით მივიღეთ. თქვეს, რომ მერიის მიმართვის საფუძველზე, ბათუმის საკრებულომ, სხვებთან ერთად, ამ საკითხზე, ხვალისთვის ჩანიშნულ, წლის პირველ სხდომაზე უნდა იმსჯელოს და კომენტარებიც სხდომათა დარბაზში გაკეთდება. საჯაროდ წაყენებულ ბრალდებაზე და გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემა არც „პროგრესი“-ს დირექტორმა და მფლობელმა, ნინო ჩიკვაშვილმა ისურვა.

მეტის ნახვა