სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები "ბათუმის სანდასუფთავების" საქმიანობაში - ენმ აუდიტის დასკვნას ეხმაურება

რეზო ხარაზი

ფოტო: თეო ფუტკარაძე/TV25

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის სანდასუფთავების 2021-2022 წლების საქმიანობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმაურება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შპს-ში მაკონტროლებლის მიერ გამოვლენილი ხარვეზები სუსტ ზედამხედველობას უკავშირდება.

რევაზ ხარაზის თქმით, აუცილებელია კონტროლი გამკაცრდეს და დარღვევებზე დროული რეაგირება მოხდეს. ოპოზიციონერი დეპუტატი პასუხისმგებლობას ქალაქის მერს აკისრებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის „სანდასუფთავების“ საქმიანობაში სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები გამოავლინა. ანგარიშში წერია, რომ კომპანიამ სათანადოდ ვერ უზრუნველყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფდა.

ხარვეზები გამოვლინდა შიდა კონტროლის სისტემაში, რომელმაც  ვერ უზრუნველყო სამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის დადასტურება. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით, ზედმეტად ჩამოიწერა არანაკლებ 147,770 ლიტრი საწვავი.

პრობლემური აღმოჩნდა იმის დადასტურება, რამდენად შეესაბამება შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას.

მეტის ნახვა