სამშენებლო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კორუფციული კანონპროექტია - ლელო

სამშენებლო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კორუფციული კანონპროექტია - ასე ეხმაურება პარტია „ლელო საქართველოსთვის“, პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებების პაკეტს. როგორც ბრიფინგზე განმარტეს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები, ქალაქისთვის საზიანო კანონპროექტია, რადგან ყველა უკანონოდ წარმოებული მშენებლობის ამნისტირებას გულისხმობს.

ვაჟა დარჩიას შეფასებით, ეს ერთის მხრივ კანონდამრღვევ დეველოპერს სანქციებისგან გაათავისუფლებს, მეორეს მხრივ კი უკანონო მშენებლობებს წაახალისებს. საკრებულოს წევრის თქმით, მაშინ, როცა ბათუმის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს.

ცვლილებათა პაკეტის ავტორები მაჟორიტარი დეპუტატები აჭარიდან: ანზორ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე და რესან კონცელიძე არიან. ისინი დღეს ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ. განხილვები, საქართველოს პარლამენტში, ორშაბათიდან უნდა დაიწყოს.

მეტის ნახვა