სახელმწიფოსგან პრივილეგირებულმა "ნეოსტარმა" შვილობილ კომპანიებთან ერთად ₾53 მილიონზე მეტის შესყიდვები მიიღო - TI-ის კვლევა

ფული

ფოტო: გუგლიდან

„ნეოსტარი“ სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა - ეს შეფასება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ეკუთვნის. ორგანიზაცია წერს, რომ კომპანია და მისი შვილობილი კომპანიები, სახელმწიფო კონტრაქტებს, მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან,  უკონკურენტო პირობებში იღებენ.  ესენი არიან, „ჯორჯიან სტოუნი“ და შპს „ლეგიონი“.

კვლევის მიხედვით, „ნეოსტარს”, შვილობილ კომპანიებთან ერთად, 2011 წლიდან, დღემდე, სიმბოლურ ფასად აქვს მიღებული 161, 369 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი  და 54 მილიონამდე ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები. ერთ ლარად აქვს მიღებული ქონება 2011 წელს სოფელ ხუცუბანში. შპს „ლეგი” 100%-ს ფლობს კომპანია „ჯორჯიან სტოუნში”, რომლის დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა.

„ჯორჯიან სტოუნს”, უკონკურენტო ტენდერებით და გამარტივებული შესყიდვებით, მიღებული აქვს ათეულობით მილიონი ლარი, მათ შორის, 5 მილიონამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. „ნეოსტარი” და „ლეგი”  ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებული კომპანიებია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს კვლევაში მოყვანილი ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

მეტის ნახვა