საჯარო ბოდიში ოთხოზორია-ანწუხელიძის ოჯახის წევრებს და მწვავე კრიტიკა "ოცნებას" - პრეზიდენტისა და პრემიერის გამოსვლა

საჯარო ბოდიში ოთხოზორია-ანწუხელიძის ოჯახის წევრებს და მწვავე კრიტიკა ხელისუფლებას - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ ღირსების გაყიდვაში დაადანაშაულა. ვრცელ მიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის პოლიტიკა დაგმო. თქვა, რომ პარტნიორი ქვეყნების დაფასების ნაცვლად, „ოცნების“ გუნდი კარს ოკუპანტ რუსეთს უხსნის. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რჩება.

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი საჯარო გამოსვლა კვლავ მწვავე გზავილებით იყო სავსე. სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი ღიად, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ვალდებულება არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა, არამედ სიტუაციის სწორად მართვაა. ქვეყნის მთავარსარდალმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის კანონისა და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობაზე. თქვა, რომ ამ მოცემულობამ, შესაძლოა, ქვეყნის შიგნით პროტესტი ან/და სტრატეგიულ პარტნიორებთან უთანხმოება გამოიწვიოს.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. თქვა, რომ შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ბრალდება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა, რადგან ოკუპანტი რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

პრეზიდენტმა შეურაცხყოფად შეაფასა ხელისუფლების ქმედება, როცა ითვლის, თუ რამდენ მილიონს მოუტანს „რუსეთთან აღდგენილი ფრენების საჩუქარი“. ოკუპანტებთან საჰაერო მიმოსვლის დაშვების გამო კი, სალომე ზურაბიშვილმა წამებით მოკლული ოთხოზორია-ანწუხელიძის ოჯახის წევრებს ტრიბუნიდან, საჯარო ბოდიში მოუხადა.

მწვავე კრიტიკის შემდეგ, პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ევროპული მომავლისთვის, რისთვისაც ქართველი ერი ერთხმად, ჯიუტად იბრძვის, 31 მაისს ბრიუსელში ჩავა და ქართველი ხალხის ხმას ევროპამდე მიიტანს.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, ბევრი შიდა და გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს.

პრემიერი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობასაც. მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთის ძალისხმევას არ იშურებს. ღარიბაშვილმა შეაქო „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, სწორედ მათი დამსახურებაა.

ბოლოს კი, უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის ფონზე, პრემიერმა სიამაყით თქვა, რომ საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რჩება.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ხელისუფლების პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა და ტრიბუნიდან მწვავე გზავნილები გაახმოვანა.

მეტის ნახვა