რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, EU-ის 27 ქვეყნის ელჩები დავითაშვილს ხვდებიან

ევროკავშირი

დემარშის ნოტა ეკონომიკის მინისტრს - ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ხვდებიან.

შეხვედრა ამ წუთებში იწყება. იუსტიციის სახლში უკვე მივიდა რამდენიმე ქვეყნის ელჩი, მათ შორის საფრანგეთის, ლიეტუვას, ხორვატიის, იტალიის, შვედეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის. უწყებაში მივიდა პაველ ჰერჩინსკიც.

შეხვედრის დაწყებამდე დიპლომატებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებთან პოლონეთის ელჩმა ისაუბრა და განაცხადა, რომ დემარში ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო და შეხვედრა რუსეთთან აღდგენილ ფრენებს შეეხება. ლიეტუვას ელჩის თქმით კი ეს დიპლომატიური ნაბიჯია.

ცნობისთვის, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა. 10 მაისს რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

19 მაისს "აზიმუტმა" უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან. "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას მიესალმება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას და რომ არ აპირებენ რაიმე ზომის მიღებას, რადგან საკუთარ მოქალაქეებს სანქციას ვერ დაუწესებენ.

მეტის ნახვა