კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა სახელმწიფო აუდიტისგან - რა გამოავლინა მაკონტროლებელმა "სანდასუფთავების" საქმიანობაში?

კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა სახელმწიფო აუდიტისგან. დოკუმენტი ამჯერად შპს „სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობას შეეხო. ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის ხარვეზები, რომლებიც შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და საწვავის არამიზნობრივ ხარჯვასთან  დაკავშირებით. პრობლემური აღმოჩნდა ანაზღაურების გაცემის ნაწილიც. 

ბათუმის სანდასუფთავების თანამშრომელი, კამერის წინ პრობლემებზე საუბარს გაურბის, თუმცა ადასტურებს, რომ შრომატევადი სამუშაო აქვს და  მთელი დღის განმავლობაში, ქუჩაში გროშების სანაცვლოდ უწევს ყოფნა. მეეზოვეების ანაზღაურება 1000 ლარამდეა, ამ ფონზე კი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი, სამუშაო საათები დილის 6 საათზე ეწყებათ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სანდასუფთავების“  2021-22 წლების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით, ზედმეტად ჩამოიწერა არანაკლებ 147,770 ლიტრი საწვავი. პრობლემური აღმოჩნდა იმის დადასტურება, რამდენად შეესაბამება შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას. აქვს თუ არა საკმაოდ მწვავე შინაარსის აუდიტის დასკვნა,  წაკითხული სამსახურის ხელმძღვანელს? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სულხან ევგენიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დუმილის რეჟიმში არიან თანამშრომლებიც.

„საქმეს ასრულებინებენ, ხოლო ხელფასებს არ უხდიან“ - ასე აფასებს ოპოზიცია შპს სანდასუფთავების საქმიანობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მაკონტროლებლის მიერ გამოვლენილი ხარვეზები სუსტ ზედამხედველობას უკავშირდება. მიიჩნევენ, რომ  აუცილებელია კონტროლის გამკაცრება და დარღვევებზე დროული რეაგირება. ვაჟა დარჩია და რეზო ხარაზი კორუფციასა და პირად ინტერესებზეც საუბრობენ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნას კრიტიკულად აფასებს სამოქალაქო აქტივისტიც. ირმა ზოიძე ამბობს, რომ აუცილებელია მსგავს გადაცდომებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება დროულად მოხდეს. მისი თქმით, ანგარიშში ნაჩვენები დარღვევები მოქალაქეებისთვის უნდობლობის საფუძველი ხდება.

როგორ ახსნის აუდიტის მიერ გამოვლენილ  დარღვევებს, შპს სანდასუფთავების ხელმძღვანელი და რა პოზიცია აქვთ ქალაქის მერიაში. ჟურნალისტების კითხვებს არცერთ უწყებაში არ უპასუხეს.

მეტის ნახვა