ხმაური და დაძაბულობა ხელვაჩაურის საკრებულოში აგენტების შესახებ კანონის გამო

მწვავე დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში. ოპოზიციის წევრები და უწყებაში დასაქმებულები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რადგან ამ უკანასკნელმა „ოცნების“ მიერ ინიცირებულ ე.წ. რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. ოპოზიციონერებს სურდათ მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატისგან პასუხი მიეღოთ კითხვაზე, თუ რატომ ემხრობა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპასთან აშორებს და რეალურად, სარგებელს არაფერს მოუტანს. დაცვის თანამშრომლებმა და საჯარო მოხელეებმა კი ოპონენტებს შენობაში გადაადგილების საშუალება არ მისცეს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების საქმიანობაში პროფესიული ხელშეშლის ფაქტსაც.

ხმაური ხელვაჩაურის მერიის შენობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა , ანზორ ბოლქვაძის კაბინეტთან მისვლა სცადეს.  ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით,  პარლამენტში, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარს დღეს, მოქალაქეების მიღების დღე უნდა ჰქონოდა.  ისინი, ბოლქვაძეს რუსული კანონპროექტის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებდნენ და ითხოვდნენ პასუხებს კითხვაზე, თუ რის საფუძველზე დაუჭირა მხარი მან აგენტების შესახებ კანონს. შესვლის მცდელობისას, მერიის თანამშრომლებსა და ოპოზიციის წევრებს შორის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.

საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებსაც. ისინი გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მერიის თანამშრომლების მხრიდან, მედიის წარმომადგენლების მისამართით, ბრალდებები და უხამსი სიტყვები ისმოდა.  დაცვის თანამშრომლები კი რეპორტიორებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ხმაური და დაძაბულობა ხელვაჩაურის მერიაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო. ამ დროის მანძილზე, საჯარო მოხელეები მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების ნაცვლად, ოპოზიციასა და ჟურნალისტებს ეჩხუბებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს მაღალმთიანი აჭარიდან, ხელვაჩაურის მერიის შენობაში მოქალაქეების მიღების დღე აქვს. ანზორ ბოლქვაძე ვალდებულია, ორშაბათობით მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს შეხვდეს და მათი საჭიროებები მოისმინოს, თუმცა,  იგი  ადგილზე არ იმყოფებოდა. პრესსამსახური შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ ოცნების გუნდის წევრი მოქალაქეებს არა ორშაბათობით, არამედ ოთხშაბათობით ხვდება. კაბინეტზე წარწერა კი საპირისპიროს ამტკიცებს.

დაპირისპირებისა და ხმაურის მიუხედავად, დღეს ჟურნალისტების კითხვებს არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოხმაურებია. ჩვენს კითხვებს არც მერმა, ზაზა დიასამიძემ უპასუხა.

მეტის ნახვა