"კანონი არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე" - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალ დაინიცირებას სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, კანონი არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით. ეს კანონი, რომელიც გუშინ პირველი მოსმენით იქნა მიღებული, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.  ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ უღალატონ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ სპეცრაზმის მიერ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იქნას დაცული, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩეველი გამოყენება არ შეიძლება იყოს გამართლებული. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია.

ჩვენ კვლავაც ურყევად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ განსახორციელებელია." ნათქვამია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაში.

მეტის ნახვა