გერმანიის ელჩი საქართველოში - "არასდროს მინახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება"

ფიშერი

გერმანიის ელჩი  საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს,რომ  "არასდროს უნახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება." მან ეს განცხადება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორებისა და ინსტიტუციების სრული უმეტესობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება საზიანოა საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში შეერთება შეუძლებელია.

ფიშერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე. მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა პარტნიორულ ურთიერთობას არ შეესაბამება და "ქმედებებსა და სიტყვებს ყურადღება უნდა მიექცეს."

"ჩემი საქმიანობის განმავლობაში საქართველო მეშვიდე ქვეყანაა, სადაც ვსაქმიანობ, მაგრამ არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება, როგორც ამ წლის პირველ ნახევარში. არსებობს ზოგიერთი ობიექტური მიზეზი და არც არის ყველას ჩამოთვლა საჭირო. თუმცა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ცხადად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. ამ კანონით, უბრალოდ, ევროკავშირს ვერ შეუერთდებით - ეს მარტივია. ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოები და ვენეციის კომისია - ყველა აცხადებს, რომ ეს [კანონი] წინააღმდეგობაშია ქართველების ფუნდამენტურ უფლებებთან. ასე, რომ არის ობიექტური ფაქტორები, რომელიც პარტნიორობას არ წაადგება.

მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს რიტორიკა - როგორღაც, გერმანია, ევროკავშირი, მათ შორის, აშშ-ც, რომლებიც საუკეთესო მეგობრობიდან და 30 წლის განმავლობაში უდიდესი მხარდამჭერებიდან, მოულოდნელად, გარკვეულ მოწინააღმდეგეებად გადაიქცნენ. ძალიან გასაკვირია. როგორღაც ახლა საშიშები ვართ. ზოგჯერ ფაშისტებს, ტერორისტებს გვეძახიან. ასეთი რიტორიკა პარტნიორობას არ შეესაბამება. შესაძლოა პარტნიორობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ქმედებებსა და სიტყვებს", - თქვა მან.

მეტის ნახვა