"ფარჩაკო, არამზადავ, ნაძირალა" - ქობულეთის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა

ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტს განიხილავდნენ.

„ფარჩაკო, არამზადავ, ნაძირალა“ - ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომა. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კრიტიკული კითხვები  2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასვეს.

ერთი საათის განმავლობაში  ვითარება ორჯერ დაიძაბა. სწორედ იმ დროს, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები კითხვებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებზე სვამდნენ და პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი კატეგორიულად უარყო საკრებულოს თავმჯდომარემ. ჩვენს მიერ გადაღებული კადრების მიუხედავად, დავით მჭედლიშვილი გვიმტკიცებდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ოპოზიციის ერთ-ერთი კითხვა ჩაისუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საკითხს ეხებოდა. ლაშა კომახიძეს აინტერესებდა, როდის შეკეთდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ ჩანგრეული ჭერი. დაპირისპირება ამ საკითხსაც მოჰყვა.

„ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიციის შენიშვნები მიუღებელი აღმოჩნდა. მმართველი გუნდის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსმენა დროის ფუჭი ხარჯვაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დღევანდელ სხდომაზე კითხვები ჰქონდათ კინტრიშის ხეობასთან დაკავშირებითაც. განაცხადეს, რომ სოფელი ხუცუბანი ბუნებრივი კატასტროფის წინაშე დადგება. ოპოზიციის წევრებმა პასუხისმგებლობის აღება სახელისუფლებო გუნდს დააკისრეს.

ქობულეთის საკრებულოში დღეს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი  განიხილეს. ანგარიში მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ წარადგინა. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 12 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 67 მილიონ ლარს შეადგენს.

მომდევნო წელს ბიუჯეტში პრიორიტეტული ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იქნება. იგეგმება სოციალური სახლის და რაგბის სტადიონის მშენებლობა, მოეწყობა ახალი სკვერები.

მეტის ნახვა