ახალი ამბები • 1728068947
ერთიანობიდან არაერთიანობამდე - ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის
ერთიანობიდან არაერთიანობამდე - ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. გუნდის ნაწილი ახლად არჩეული თავმჯდომარის გადადგომას და შიდაპარტიულ არჩევნებს ითხოვს. ამის საპირისპიროდ კი, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოში ოცი ახალი წევრი შეიყვანა. დავის საგანი ჯერ კიდევაა მანიფესტი, რომელსაც ნიკა მელიას ფლანგის წევრები ხელს არ აწერენ. აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, რას აპირებენ გუნდის წარმომადგენლები ბათუმში? ხაბეიშვილის მომხრეები ფიქრობენ, რომ წლის ბოლომდე ხალხის წინაშე გაერთიანებულები უნდა წარსდგნენ. მელიას მხარდამჭერები კი მანიფესტს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ. ორად გახლეჩილ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ადგილობრივი შეფასებები სალომე უსტალიშვილმა მოისმინა და ის განაგრძობს თემაზე საუბარს.
„ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დამარცხება და ვინც 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს იზიარებს, ცხადია, იმ ადამიანებისთვის პოლიტიკური საბჭოს კარი ღიაა“ - ეს განცხადება ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თქვა, რომ მანიფესტის იდეა სისრულეში მოიყვანა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 20 ადამიანით გაზარდა.
პარტიაში ახალი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებმა რეგიონებიდან, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ხელახალი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვეს. მოქმედი თავმჯდომარის ფლანგის წევრები ფიქრობენ, რომ მელიას გუნდში მყოფებმა მანიფესტს ხელი უნდა მოაწერონ, რადგან ეს ყველაფერი რუსული რეჟიმის დამარცხებისა და ერთიანობის დოკუმენტია.
ეს არაა მანიფესტი, ეს შემკავებელი ორდერია - ფიქრობენ მელიას ფლანგის წევრები. ამბობენ, რომ დოკუმენტი არა ერთიანობას, არამედ გახლეჩას ემსახურება. ფიქრობენ, რომ ახალ მენეჯმენტს არასერიოზული მიდგომები აქვს.
რამდენად მისაღებია მელიას ფლანგის წევრებისთვის პოლიტსაბჭოს გაფართოების ინიციატივა ან შეუერთდებიან თუ არა ისინი ხაბეიშვილის გადაყენების მოთხოვნას ? ლევან გორგილაძე არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ბრძოლა სხვა პოლიტიკური პლატფორმიდან გააგრძელონ. ბათუმის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის წევრები კი სოციალური ქსელით ღიად აფიქსირებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე მიმდინარე პროცესების გამო, თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ახალი მენეჯმენტის მხრიდან პარტიაში განხორციელებული პროცესები ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიმართულია პარტიის დაშლისკენ და არა ერთობისკენ. არავინ, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტიც კი არ უარყოფს რომ პარტიაში არის პრობლემები. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიან ნაციონალური მოძრაობა - თავისუფლების კვარტალი"-ს, უმრავლესობას, ერთიანობის შესანარჩუნებლად აუცილებლად მიგვაჩნია პარტიის თავმჯდომარის გადადგომა და მენეჯმენტის ცვლილება ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ გაღრმავდა, რაც პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. დაივიწყებს თუ არა მელიას ფრთა პირადულს, როგორც ეს პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა და გააგრძელებს თუ არა მათთან ერთად ბრძოლას - ამას დრო აჩვენებს.
1726726009