ბათუმში, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

აქცია

ფოტო: თინათინ სასანია

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ მათ თავისუფლება პლაკატების გამო აღუკვეთა. ბანერებზე განთავსებული სიტყვებით აქტივისტები პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ახასიათებდნენ, რამაც ძალოვნების გაღიზიანება გამოიწვია.

"დაუძახე რაც გინდა" - სწორედ ეს იყო დღევანდელი შეკრების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან გორგილაძე და ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ნოდარ დუმბაძის შვილი, გიორგი დუმბაძე.

აქცია ბათუმში დედაქალაქის პარალელურად გაიმართა. მას ორგანიზება "ლელომ" გაუწია. მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ბანერებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - ამ სლოგანით აქცია თბილისში, გუშინ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, როდესაც სამართალდამცავები მშვიდობიან დემონსტრანტებს ირაკლი ღარიბაშვილის დახასიათებით, წარწერებიანი ბანერებისა და ცარიელი ფურცლების გამო, აქტივისტებს აკავებდნენ.

მეტის ნახვა