" არ დავუშვებთ, ქვეყანამ დასავლური კურსიდან გადაუხვიოს" - ოპოზიციის პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით

ოპოზიციას, დღეს აქციები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა. მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის გვერდით, გამოეფინათ ევროკავშირის დროშებიც და ხელისუფლების ნაცვლადაც ეთქვათ, რომ სურთ ევროპა და არ დაუშვებენ, ქვეყანამ დასავლური კურსიდან რუსულისკენ გადაუხვიოს.

აჭარის მთავრობასთან მობილიზებულმა პოლიციამ და დაცვის თანამშრომლებმა, ევროკავშირის დროშა არ დაიტოვეს. ოპოზიციის გაწოდებული სიმბოლიკა აიღეს, თუმცა, ზურგს უკან დამალეს. სამართალდამცავების ამ საქციელს უხმაუროდ არ ჩაუვლია.

მესამე დროშის ადგილი, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე, ისეთივე ცარიელი დარჩა, როგორიც აქციის მონაწილეებს დახვდათ, თუმცა, სათქმელი, კიდევ ერთელ, თქვეს - წინ ევროპისკენ! 

„თავისუფლების დასაცავად, ცოდნა უკეთესი იარაღია, ვიდრე, არმია“ - დღევანდელი მსვლელობის ზოგიერთი მონაწილე, ამგვარი პრინტით, ზოგი დროშით, ნაწილი კი პლაკატებითა და ხმამაღალი განცხადებებით დამოუკიდებლობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ამ იდეით და შეძახილებით, „ნაციონალური მოძრაობა“, მხარდამჭრებთან ერთად, აჭარის მთავრობის სახლთან, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, დილიდან მივიდა. ასე დაგმეს მათ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, არ გამოეფინათ მთავარი მხარდამჭერის და პარტნიორის - ევროკავშირის სიმბოლიკა.

ევროკავშირის დროშებით, ქალაქში მსვლელობა, „ლელომ“ დაგეგმა. მარშმა, სტარტი, ბათუმის ცენტრალური პარკიდან აიღო. პარტიამ, რიგით ბათუმელებთან ერთად, ასე აჩვენა ხელისუფლებას, რომ საზოგადოების არჩევანი ევროპაა და დროშების დამალვით, ამ არჩევანს, ვერ წაართმევენ.

მსვლელობა, სიმბოლურად, ევროპის მოედანზე დასრულდა. მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თავსიუფლება და ევროკავშირი ერთი და იგივეა და ამ არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. „ლელოს“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს შორის, მრავლად იყვნენ ბელორუსიის და უკრაინის მოქალაქეებიც.

“წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ” - მასშტაბური აქცია შედგა თბილისში, ქვეყნის მთავარ გამზირზე. სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით  მსვლელობით პარლამენტისკენ  გადაინაცვლეს. სკანდირებდნენ ფრაზებს: “არა რუსულ რეჟიმს”. აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

დღეს, 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, განსხვავებით წინა წლისაგან, ევროკავშირის დროშების გარეშე გადაწყვიტა. სწორედ, ამას მიეძღვნა დღევანდელი მშვიადობიანი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, საერთო მოწოდებით - „წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ“.

მეტის ნახვა