ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ფერიდე შაინიძე

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ TV25.GE-ის აჭარის განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, რესურსცენტრმა შესწავლა დაიწყო, პროცესის მიმდინარეობისას კი, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

"დირექტორმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწერა მისი გათავისუფლების ბრძანება", - გვითხრეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, ფერიდე შაინიძე სოციალურ ქსელში, შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ამბავს გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე".

TV25 სკოლის დირექტორს განმარტებისთვის დაუკავშირდა. ფერიდე შაინიძემ ფაქტი უარყო და თავი იმით იმართლა, რომ კომენტარი ფემიციდის შემთხვევას არ ეხებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ კომენტარი მისი ოჯახის შესახებ გააკეთა, თუმცა კითხვაზე, რატომ დაწერა იგი შუახევში მომხდარი ინფორმაციის ამსახველი პოსტის ქვეშ, ვერ გვიპასუხა.

მოგვიანებით, მან პოზიცია შეცვალა. დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით ბოროტულად ისარგებლეს.

"სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო", - დაწერა შაინიძემ.

თემაზე რეპორტაჟს ნახავთ 20:30 საათზე.

მეტის ნახვა