ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მოხსნეს და დაწვეს

ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. ისინი მსვლელობისას აგრესიულ და მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე მათ ქვები დაუშინეს აივანს, სადაც უკრაინის დროშა იყო გადმოფენილი.

მოძალადე ჯგუფების მხრიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას ეხმაურება შსს. უწყების ცნობით, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - წერია განცხადებაში.

მეტის ნახვა