ბავშვებს, რომლებიც სკვერში თამაშობდნენ, მანქანა დაეჯახა

ავარია

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან ბავშვები, რომლებიც საავტომობილო შემთხვევისას დაშავდნენ. ავარია ქვემო ფონიჭალაში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ეზოში თამაშობდნენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა და საბავშვო სკვერში შევარდა.

"ჩვენ კლინიკაში მოყვანილია ორი პაციენტი, ფონიჭალიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, გოგონა 13 წლის და ბიჭი 12 წლის. გოგოს აქვს ქალა ტვინის ტრავმა, აღენიშნება თავზე დიდი ზომის ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა. ხოლო ბიჭს ანალოგიურად ქალა ტვინის მძიმე ტრავმა აქვს, სისხლდენა მარცხენა ყურიდან და მარცხენა ზედა კიდურის რბილის ქსოვილების დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა. ამჟამად ინტენსიური თერაპიის დაკვირვების ქვეშ არიან და უგრძელდებათ მკურნალობა", - თქვა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა