სტიქია სავალალო შედეგებით ქედაში

150-მდე დამეწყრილი ადგილი ქედაში და შედეგები, რომლებიც სავალალოა. ბათუმი-ადიგენის ქედის ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია, რიგ მონაკვეთებზე კი, გადაადგილება, მხოლოდ შემოვლითი გზებითაა შესაძლებელი. ოჯახები დამეწყრილია. სახლში, ღამისთევის ეშინიათ. კერების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით, რთული მდგომარეობა კიდევ ბევრ მისამართზეა. რა ხდება ქედაში ამ დროისთვის? თამარ კიკნაძისა და გერა კილაძის რეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან.

წონიარისში, ტრაგედიის ადგილს ახლა მხოლოდ ჭირისუფლის ახლობლები სტუმრობენ. სოფელი, მეწყერს შეწირული თემურ ბარამიძეს გლოვობს. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ საცხოვრებელი დაანგრია და კაცი ნანგრევებში მოიყოლა. თვითმხილველები ღამის შემზარავ სურას იხსენებენ.

თანასოფლელებს საუბარი უჭირთ. ასეთი მდგომარეობაა ქედის კიდევ ბევრ სოფელში. ვითარება, მძიმეა ზედა მახუნცეთში. აქ სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა ადგილობრივებისთვის, განსაკუთრებული საფრთხეები შექმნა. მოსახლეობა, სახლებში შესვლას ვერ ბედავს.

სოფელ ზედა მახუნცეთში, მეწყერი, მოულოდნელად ჩამოწვა ასლან ბალაძის საცხოვრებელ სახლთანაც. ოჯახის წევრებმა გადარჩენა შეძლეს და ახლა დახმარების მოლოდინში არიან. ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები, მათ სოფელში არასოდეს ახსოვთ.

საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიმეწყრა სოფელ წონიარისშიც. განადგურდა ბერიძეების საცხოვრებელი და საქონელი. ოჯახის წევრები, თავს მეზობლებს აფარებენ. მძიმე მდგომარეობაა გზებზე. ბათუმი-ახალციხის  დამაკავშირებელ გზაზე, ქედის მონაკვეთში, სხვადასხვა მასშტაბის მეწყერი, თითქმის ყოველ ას მეტრშია ჩამოწოლილი. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ რაოდენობის და მსგავსი მასშტაბის ზვავები, აქამდე არ ახსოვთ. უამინდობის და საშიშროების გამო, მძღოლების ნაწილს ღამისთევა შუა ქუჩაში მოუხდათ.

გზა ჩაკეტილია სოფელ პირველ მაისთან.  გავლა, მხოლოდ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

შეფერხებებია სოფელ გულებშიც. რიგ მონაკვეთებზე ქვათაცვენა ისევ აქტიურად გრძელდება. მასშტაბური წყალმოვარდნის გამო, დაზიანებულია მაგისტრალის სავალი ნაწილი, დატბორილია მუსლიმების  სასწავლებელი, რისკის ქვეშაა რამდენიმე ოჯახი. მათგან ნაწილმა, თავს გაქცევით უშველა, ნაწილი კი დახმარებას ითხოვს.

დამეწყრილია ცენტრალური გზა სოფელ გობრონეთამდეც. აბუქედას მონაკვეთის გავლა, მსუბუქი ავტომობილებისთვის, ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, რთული მდგომარეობაა სოფელ ცხმორისშიც. აქ უამრავი დამეწყრილი კერაა.

ქედის მერი, აცხადებს, რომ ჯამში, ქედაში ასამდე დამეწყრილი კერაა. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერის, როლანდ ბერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დამატებით დახმარებას, ხვალისთვის ელოდებიან.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს და ოჯახებს, რომლებიც რისკის ზონაში არიან, მერის განმარტებით, ისინი ქირაში გადაჰყავთ. როლანდ ბერიძის განმარტებით, გეოლოგიური შემოწმებები ხვალიდან დაიწყება.

მასშტაბური სტიქიით შეშინებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სურთ, სახელმწიფომ მათი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო უზრუნველყოს.

მეტის ნახვა