სათამაშოების ოსტატი ქედიდან

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში მცხოვრები საბა გოგიტიძე ხისგან სათამაშოებს წლებია ამზადებს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ სკოლის მოსწავლეა, ფიზიკური შრომით გამომუშავებული თანხით ოჯახს ფინანსურად ეხმარება და სტუდენტ დას, სწავლის საფასურსაც უხდის. თითქმის ორი წელია, რაც კომერციული წარმოებისთვის, ევროკავშირის გრანტი მოიპოვა და ახლა, მის საწარმოში დამზადებულ ნივთებს, დამკვეთებს ფოსტის საშუალებით ქვეყნის მასშტაბით აწვდის.

სათამაშოებთან დაკავშირებული პირველი მოგონება, რაც მას, მეხსიერებასთან ერთად, მატერიალურადაც დღემდე შემორჩა, მუყაოსგან დამზადებული სათამაშო მანქანაა. მაშინ, არც  ტექნიკური დანადგარები ჰქონდა, არც შესაბამისი გამოცდილება, თუმცა, ბაღში თანატოლების გახარებას, პატარა ასაკშიც ახერხებდა. ახლა მეთორმეტე კლასშია და მის მიერ, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, სათამაშოები სხვა ბავშვებს ახარებს. სწავლას, საყვარელ საქმესაც უთავსებს. ამბობს, რომ დროს ფუჭად არ კარგავს და უკვე წლებია, საკუთარი შემოსავალი აქვს.

მისი სამომავლო გეგმა, კომერციული წარმოების გაფართოებასთან ერთად, ახალი პროფესის დაუფლებაა. ეკოლოგობა სურს. ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში სწავლას, საყვარელ საქმეს შეუთავსებს, ასე კი ფინანსურად უფრო დამოუკიდებელი გახდება. საწარმო, სადაც სხვადასხვა სახის ტექნიკური დანადგარია განთავსებული, სახლის გვერდითაა მოწყობილი. სახელოსნოში საბა დროის დიდ ნაწილს ატარებს, განსაკუთრებით კი, საახალწლო დღეებში, როდესაც მის მიერ დამზადებულ ნაძვის ხის სათამაშებსა თუ აქსესუარებზე მოთხოვნა მაღალია.

სათამაშოებთან ერთად, ხისგან სუვენირებს, სხვადასხვა დიზაინის საყოფაცხოვრებო ჭურჭელსა და დაკვეთების შემთხვევაში ავეჯსაც ამზადებს. ძირითადად დაკვეთებზე მუშაობს, მზა პროდუქციას,  ადრესატს, რეგიონისა თუ ქვეყნის მასშტაბით, ფოსტით უგზავნის.

ასაკის მიუხედავად, წარმოების გაფართოებაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ იფიქრა. სათამაშოების დამამზადებელი მცირე საწარმოს მოსაწყობად, პროექტი ორჯერ დაწერა და ევროკავშირისგან გრანტიც ორივეჯერ მოიპოვა. სწორედ, ასე შეიძინა საჭირო დანადგარები.

მეტის ნახვა