ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

დაკავება

ფოტო: საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში 83 981 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 83 981 ლარის ოდენობის ზიანი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა