ახალი ამბები • 1728068947
ქობულეთში, საჯარო მოხელეებს ხელფასებს წინასწარ, ავანსის სახით ურიცხავდნენ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შპს "ქობულეთის წყლის" საქმიანობას პროკურატურა სწავლობს. TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თანამშრომლები ხელფასებს წინასწარ, ავანსის სახით იღებდნენ, საუბარია რამდენიმე დასაქმებულზე. საქმეში ფიგურირებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბუღალტერი.
ფაქტს გვიდასტურებს ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ჯემალ მეგრელიძის თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობს და დაკითხვაზეც რამდენჯერმე იმყოფებოდა.
"როცა მივედი სამსახურში აღმოჩნდა, რომ ხელფასების ავანსის სახით გაცემის პრაქტიკა იყო და მეც გავაგრძელე. ეს ჩემი მოგონილი არაა. როცა მოდის დასაქმებული და გეუბნება მიჭირს, ვერ ვეუბნებოდი უარს და ვურიცხავდი კუთვნილ ანაზღაურებას. მე ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ვაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას," - გვითხრა ჯემალ მეგრელიძემ, შპს "ქობულეთის წყლის" ყოფილმა დირექტორმა, რომელიც ამ ეტაპზე "ქობულეთის სოფლის წყალში" აგრძელებს მუშაობას.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტს გვიდასტურებს, ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, შესაბამისად საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
TV25.GE-ის ინფორმაციით, პროკურატურის პარალელურად შპს "ქობულეთის წყლის" საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც სწავლობს.
1726726009