ბუღალტერის მიერ მოპარული ფულის საქმეზე ოპოზიცია ქობულეთის მერის გადაყენებას ითხოვს

ბონდო თედორაძე

"ნაციონალური მოძრაობა" TV25.GE-ის მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაციას ბრიფინგით გამოეხმაურა. ბონდო თედორაძე ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. თედორაძეს მიაჩნია, რომ კორუფციულ სქემაში ბუღალტერი დამოუკიდებლად ვერ იქნებოდა ჩართული. 

"სისტემურმა კორუფციამ, დანაშაულებმა, შეჭამა დღეს საქართველო და ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც ქობულეთია. სანდასუფთავების სამსახურში, თითქოს მხოლოდ ბუღალტერმა კორუფციული გზით თანხა მიითვისა მცდარია. სინამდვილეში ყველა გადაწყვეტილება, მერების დონეზე მიიღება, ამიტომ ამ კორუფციულ სქემაში მხოლოდ რიგით ბუღალტერის დადანაშაულება არასწორია. ფიქტიური თანამშრომლების სია იქნება მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიწოდებული. ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა დადგეს ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა ბონდო თედორაძემ.

საქმე "ქობულეთის სანდასუფთავების" ბიუჯეტიდან მოპარულ თანხას ეხება. TV25.GE-ის ინფორმაციით, ბუღალტერმა, თინათინ კონცელიძემ 20 ათას ლარზე მეტი მიითვისა. ორგანიზაციას დროებით რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდა აყვანილი, ხელშეკრულების ვადის დასრულებისა და თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ ბუღალტერმა ხელფასებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის დარიცხვა პირად ანგარიშზე გააგრძელა.

კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდაგანაწესის მიხედვით, ვიდრე ბუღალტერი ხელფასებს გასცემს, მან რამდენიმე პროცედურა უნდა გაიაროს, კერძოდ: ხელფასის დარიცხვამდე სიას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეცნობა და შესაბამისი ხელწერით ადასტურებს, გარდა ამისა, სპეციალური კოდის გამოყენებაა საჭირო სისტემაში შესასვლელად. მოქმედი თანამშრომლების დაზუსტებული სია გააჩნია იურისტს, რომელიც თავის მხრივ ყოველი თვის ბოლოს შესაბამის კონტროლიორებთან და კოორდინატორებთან ხელწერილით დასტურდება. ამ გარემოებების შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ბუღალტერი რამდენიმე თვის განმავლობაში თანხებს დამოუკიდებლად ვერ მიითვისებდა. ქობულეთის მერიაში გვითხრეს რომ პროცედურულ ნაწილზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ბიუჯეტის ფულის მითვისების ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ორგანიზაციაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. ამ უკანასკნელს შესაბამისი დასკვნა ჯერ არ გამოუქვეყნებია. ჩვენი ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში მერიის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ. საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყებაში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ქობულეთის სანდასუფთავების" სამსახური სკანდალში ეხვევა. წლების წინ, TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, დაწესებულებაში ათეულობით ადამიანი ფიქტიურად, ასევე, ნეპოტიზმის ნიშნით იყო დასაქმებული. ექსკლუზიური ფაქტების გასაჯაროვებიდან რამდენიმე საათში სამსახური უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლეს, თუმცა ის პასუხისგებაში არ მიუციათ. გამოძიების შედეგები კი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

 

ნახეთ სიუჟეტი TV25-ის არქივიდან: 

მეტის ნახვა