ახალი ამბები • 1728068947
კიდევ ერთი ამორტიზებული დასახლება ბათუმში - ენვერ ხაბაძის ქუჩაზე მცხოვრებლები უამინდობისას სახლიდან ვერ გამოდიან
კიდევ ერთი ამორტიზებული დასახლება ბათუმში. ენვერ ხაბაძის ქუჩაზე მცხოვრებლები უამინდობისას სახლებიდან ვერ გამოდიან. აქ ყოველი გაწვიმებისას წყალი დგება. ადგილობრივთა თქმით, ბავშვებს ვერც სკოლებში უშვებენ. პრობლემაა სანიაღვრე სისტემის არარსებობაც.
ეს ენვერ ხაბაძის ქუჩაა. მონაკვეთი, სადაც რეზინის ჩექმების გარეშე გადაადგილება წვიმიან ამინდში პრაქტიკულად შეუძლებელია. აქ მცხოვრებლები ხუმრობენ, რომ უამინდობისას თავი ვენეციაში ჰგონიათ.
ავარიულ გზებს სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაც ემატება. მძიმე სურათის გამო, უამინდობისას ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ. ამბობენ, რომ ეს მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
მოქალაქეებმა მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, რომ პასუხად მხოლოდ დაპირებებს იღებენ. ისიც, წინასაარჩევნოდ.
გაითვალისწინებს თუ არა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ენვერ ხაბაძის ქუჩის მოწესრიგებას 2024 წლის ბიუჯეტში? თემასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთდა. უწყებამ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გვიპასუხა. მოგვწერეს, რომ ენვერ ხაბაძის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება და სამუშაოები მალევე დაიწყება.
1726726009