ჩაშლილი გზა და შეფერხებული მოძრაობა - ჩაქვში, სოფელ ზედა აჭყვას მცხოვრებლები დახმარების მოლოდინში არიან

უამინდობის შედეგად ჩაშლილი გზა და შეფერხებული მოძრაობა - ჩაქვში, სოფელ ზედა აჭყვას მცხოვრებლები დახმარების მოლოდინში არიან. დაზიანებულ სავალ ნაწილზე ადგილობრივები ვერც ტრანსპორტით და ვერც ფეხით გადაადგილდებიან. არსებობს საფრთხე, რომ მოსახლეობა გარე სამყაროს სრულად მოწყდეს. მოქალაქეების თქმით, ხელისუფლებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პასუხისმგებელმა პირებმა სამუშაოების ნაცვლად, ადგილზე მხოლოდ ავტომობილის საბურავები დაალაგეს. როდემდე იქნება მოსახლეობა ამ რეალობის წინაშე?

ჩაქვში, სოფელ ზედა აჭყვაში მცხოვრებლები ამ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც შიდა სასოფლო გზის მონაკვეთი ჩამოიშალა. ადგილობრივები დახმარებას ერთ კვირაზე მეტია ითხოვენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათი გასაჭირი გულთან არავინ მიიტანა.

ერთადერთი, რაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოქალაქეების დასახმარებლად გააკეთა, ესაა. უწყებამ ადგილზე ავტომობილის საბურავები დაალაგა. შიშობენ, რომ სოფელში უბედური შემთხვევა დატრიალდება, თუ კი პასუხისმგებლობას არავინ აიღებს.

ამ გზით საერთო ჯამში, ასზე მეტი ოჯახი სარგებლობდა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ სახლამდე მისვლა ახლა სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ.

ადგილზე ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მიდის. ეს ზედა აჭყვაში მცხოვრებლებს ცხოვრებას კიდევ უფრო უმძიმებს. ამბობენ, რომ სოფელში, ექიმის დახმარება ხშირად სჭირდებათ.

დავუკავშირდით ქობულეთის მერიასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ საკითხზე პასუხისმგებელი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია. ამ უკანასკნელში კი განგვიცხადეს, რომ თემასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთეს, იგივეს მეორეჯერ გამეორებას კი აღარ აპირებენ.

მეტის ნახვა