ვაქცინები, გამაძლიერებელი დოზის გარეშე, "ომიკრონის" წინააღმდეგ შეიძლება არაეფექტური იყოს

ვაქცინა

ვაქცინები გამაძლიერებელი დოზის გარეშე "ომიკრონის" წინააღმდეგ შეიძლება არაეფექტური იყოს. ამაზე Reuters-ი აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მასაჩუსეტსის საერთო პროფილის ჰოსპიტლის (MGH) მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების თანახმად, აშშ-ში ავტორიზებული სამივე ვაქცინა (Moderna, Johnson & Johnson-ი და Pfizer/BioNTech-ი), როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად ნაკლებად იცავს კორონავირუსის "ომიკრონი" ვარიანტის წინააღმდეგ, თუმცა გამაძლიერებელ დოზას დაცვის დიდი ნაწილის აღდგენა შეუძლია.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორდოზიანი ვაქცინის კურსის შემთხვევაში (J&J-ის შემთხვევაში, ერთდოზიანი კურსი), "ომიკრონის" გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე დაბალიდან არარსებულამდე ვარირებს. თუმცა, დამატებითი გამაძლიერებელი დოზის მიმღებების სისხლის ნიმუშმა ახალი ვარიანტის ძლიერი განეიტრალება აჩვენა.

მეცნიერები ვარაუდობენ იმასაც, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, მათ შორის ორჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე ამჟამად დომინანტური "დელტა" ვარიანტი.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ "ომიკრონი" ძალიან სწრაფად ვრცელდება, ხოლო ვაქცინები არც თუ ისე კარგად მოქმედებს ინფექციის წინააღმდეგ, თუმცა გამაძლიერებელ დოზას თუ მიიღებთ, საკმაოდ კარგი იქნება.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი "ომიკრონის" წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

მეტის ნახვა