ტურისტულ სეზონთან ერთად ნაწლავურ ინფექციებით დაავადების რისკი იმატებს - ინფექციონისტები

ვირუსი

ტურისტულ სეზონთან ერთად იმატებს ნაწლავური ინფექციებით დაავადების რისკი. მედიკოსები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.

"სიმპტომები - ფაღარათი, გულის რევა, ზოგს ტემპერატურა, ზოგს არა, ეს ჩვეულებრივი ამბავია ზაფხულის სეზონებზე, განსაკუთრებით კურორტებზე. ნაწლავური ინფექციები ადვილად ვრცელდება. მეორე ის, რომ გადატვირთული საკვების ქსელები სავარაუდოდ, კარგად ვერ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და სიცხეში საკვებში ადვილად მრავლდება მიკროორგანიზმები. ასეა, თუ ისეა, ნაწლავური ინფექციები აშკარად ძალიან ბევრია გარშემო.

რეკომენდაციაა, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებულები ვიყოთ წყლის სისუფთავეში.

მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად სალათები. როდესაც გადატვირთულია კვების ობიექტები, მათი რეცხვა ბოლომდე კარგად არ ხდება.

თუ თერმულად არის დამუშავებული ახალმომზადებული საკვები, ის უფრო უსაფრთხოა.

თუ უკვე დიარეაა და ღებინება, ამ დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ხილს და ბოსტნეულს, მხოლოდ, მოხარშული საკვები უნდა მიიღოს, ასევე, უნდა მოერიდოს ხილის წვენს, სითხე უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით.

ასევე ბევრი ადამიანი იწყებს თვითნებურად ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, ეს არასწორია. დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს. ამ დროს ბევრი სითხის მიღებაა გამოსავალი. თუ ბავშვი, ან ხანდაზმული ძნელად საკონტაქტოა და ძილიანობაა მომატებული, ექიმი და ჰოსპიტალიზაციაა საჭირო", - აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მეტის ნახვა