ახალი ამბები • 1728068947
როგორ ვუმკურნალოთ შიდსს
შიდსი - დაავადებაა, რომელმაც წლების განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. დამთრგუნველი სტატისტიკის მიუხედავად, აივ-ინფექციის მკურნალობა მართვადია და ინფექცია, ყოველვთის მომაკვდინებელი არ არის. მომდევნო სიუჟეტიდან გაიგებთ რა კეთდება სახელმწიფოში ამ მიმართულებით და რა რეალობა გვაქვს რეგიონში.
აივ-ინფექციამ დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 9 124-ს უდრის. აქედან 1045 მოქალაქე აჭარაზე მოდის. 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში, ჯამში 492 ადამიანი დაინფიცირდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში იწყებს "გააქტიურებას". ამ პერიოდში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია და ამას ე.წ. ფანჯრის პერიოდი ჰქვია. შიდსი ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას იწვევს. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მედიკოსი გვეუბნება, რომ მკურნალობა მართვადია, თუ დაავადების დროული გამოვლენა ხდება, თუმცა დამძიმების შემთხვევაში სხვადასხვა გართულებას იწვევს.
შიდსის დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენს არ ნიშნავს. აივ ინფექცია, არც მეგობრობით გადადის. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება - ცხოვრების ჯანსაღი წესი და სიცოცხლის ბოლომდე, საჭირო პრეპარატების მიღებაა. შიდსის გადაცემის 3 ძირითადი გზა არსებობს. ექიმი მართა სელიმბა ამბობს, რომ აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში საფრთხის შემცველი არ არის.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში 2005 წლიდანაა ჩართული. ამ დროის განმავლობაში აქ 800-მდე პაციენტი დარეგისტრირდა. ნარგიზ ბერიძე გვეუბნება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე სტაციონალურ მკურნალობას 2 პაციენტი გადის.
რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით? დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოში ამბობენ, რომ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა სრულიად უფასოა.
აივ ინფექცია გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს. ვირუსის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა. საქართველოში აივ-ინფექციის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. ამ პერიოდიდან დღემდე, შიდსის დამძიმებულმა შემთხვევებმა, ქვეყანაში, ჯამში, 1894 ადამიანი იმსხვერპლა.
საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. რის შემდეგაც ექიმი მკურნალობის მეთოდს განსაზღვრავს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.
1726726009