აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - რა შემთხვევაში დაეკისრება ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა?

აბორტი

აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა - აღნიშნულის თანახმად, აბორტის მოსაფიქრებლად გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ამასთან, რედაქტირდება მედიკამენტური აბორტის შესახებ პუნქტებიც - 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.

რაც შეეხება 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს".

ასევე, ცვლილებებს ემატება პუნქტი, რომ აბორტის წინა კონსულტაციის და განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება, რომ აბორტის წინა კონსულტაცია ჩატარდეს ექიმი მეან-გინეკოლოგის, ასევე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ კონფიდენციალურ პირობებში სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.

მეტის ნახვა