გამოცდების შედეგები 4 292-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

ეროვნულები

ეროვნული გამოცდების შედეგები 4 292 პირმა გაასაჩივრა. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის.

ცენტრის ინფორმაციით, შეფასება  შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, „რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო დააკლდა 25 ნაშრომს“.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.

„შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და  მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 30 აგვისტოა.

მეტის ნახვა