ბსუ-ს სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შიდა ჯგუფში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის საორგანიზაციო პოსტებს უშლიან

ბსუ-ს სტუდენტი ამბობს, რომ უნივერსიტეტის შიდა ჯგუფებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის საორგანიზაციო პოსტებს უშლიან, ნაწილს კი არ უდასტურებენ. მათე ცენტერაძის თქმით, ორშაბათს, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციაში ჩართვისკენ ახალგაზრდებს მოუწოდა, თუმცა პოსტი ჯგუფიდან გაქრა.

სტუდენტი ამბობს, რომ სწორედ "ბსუ 2024"-ის საშუალებით შეძლეს გასულ წელს აქციის ორგანიზება, წელს კი ამის უფლებას არ აძლევენ.

"მხოლოდ ერთი პოსტი არ წაშლილა, ყველა ის პოსტი წაშალეს, რომელიც 15 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებას უკავშირდებოდა... ეგენი რა გამჭვირვალობას ითხოვენ, როცა პოსტებს თავად გვიბლოკავენ" - გვითხრა ცენტერაძემ.

ცენტრაძეს ვკითხეთ, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მომხდარში სტუდენტურ თვითმმართველობას. იგი ხელს ადმინისტრაციისკენ იშვერს.

"რომ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ლოიალური მიდგომა, პოსტებს ადმინისტრატორები არ წაშლიდნენ. რაც შეეხება თვითმმართველობას, მგონი გასაგები უნდა იყოს მათი პოზიციაც, ალბათ, ყველას გახსოვთ ჩატი სახელწოდებით "ბსუ 41"... როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევის წინაშე დგას, რაც რუსული კანონის ინიცირებაში გამოიხატება, სტუდენტური თვითმმართველობა ჩუმად არ უნდა იყოს", - თქვა TV25-თან საუბრისას მათე ცენტერაძემ.

ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე არაფერი დადებულა და არც არაფერი წაშლილა, ეს კი სტუდენტების შიდა ჯგუფია, რომელთანაც სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას კვეთა არ აქვს.

მეტის ნახვა