ბათუმელი სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

კანონპროექტის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმელმა სტუდენტებმა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეკრებილებმა ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტეს და თქვეს, რომ ევროპულ საქართველოში სურთ ცხოვრება და განათლების მიღება, რის საშუალებასაც მათ ეს დოკუმენტი, დამტკიცების შემთხვევაში წაართმევს.

ამ შეძახილებით და ტრანსფარანტებით ბათუმელი სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საპროტესტო აქცია ახალგაზრდებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგაა მიმართული.

სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას გასულ წელსაც აპროტესტებდნენ, წელსაც იგივე გზავნილი ჰქონდათ. ითხოვენ, ხელისუფლებამ დოკუმენტი უკან გაიწვიოს და მისი განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნას.

აქციას ლექტორთა ნაწილიც შეუერთდა. ლაშა ბაჟუნაიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება პოლიტიკაში ცუდ ტენდენციას ამკვიდრებს, როდესაც საკუთარი სიტყვა უკან მიაქვს. მისივე თქმით, კანონით  პარტნიორი სახელმწიფოების დემონიზება და მათი მტრად გამოცხადება ხდება.

იმ შემთხვევაში თუკი, ხელისუფლება სტუდენტების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ახალგაზრდები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. დღევანდელი საპროტესტო შეკრება მათ ჰიმნით დაასრულეს.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ე.წ. რუსული კანონის მიღებას აპირებს. აღნიშნული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის" ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტს გასცემენ საქართველოში, "უცხოური ძალის" სტატუსს მიანიჭებს. ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების 20%-ი უცხოეთიდან მოდის, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" ფორმდება და ყოველწლიურად უნდა წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია.

მეტის ნახვა