43 წელია წიგნების მოვლასა და გაფრთხილებაში - ნაზი ფერცელიძის პორტრეტი "მაცნეში"

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. თარიღი "იუნესკომ" უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია. წიგნის დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ, სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღნიშნავს. ამასთან, 2003 წლიდან, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, დღეს უნდა გაგაცნოთ ქალი, რომელიც 43 წელია წიგნების მოვლასა და გაფრთხილებაშია. ნაზი ფერცელიძის პორტრეტი „მაცნეს“ ობიექტივში.

ნაზი ფერცელიძე წიგნების გარემოცვაში უკვე 43 წელია მუშაობს. განვლილი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ კითხვის სიყვარულმა გააძლებინა. ამბობს, რომ წიგნი ადამიანისა და ქვეყნის განვითარების  გარანტია.

რამდენი წიგნი გადაუშლია ვერ ითვლის, თუმცა ზუსტად იცის, რომ კითხვის სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს და ცხოვრებისეული თავგადასავლების სამყაროში კარს უღებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასიკოსებს ანიჭებს. ამასთან, მიაჩნია, რომ ფურცელზე წაკითხულს სხვა ემოცია მოაქვს, ვიდრე ინტერნეტსივრცეში.

კარიერა ხელვაჩაურის  სოფლებში, პატარა ბიბლიოთეკებში მუშაობით დაიწყო. მიზნად ჰქონდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებსა თუ ზრდასრულებში წიგნის სიყვარული ჩაენერგა.  ამას ახერხებდა კიდეც. ბოლო 30 წელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ერთგული თანამშრომელია.

ბიბლიოთეკის საცავში ათასობით წიგნი ინახება. მისთვის ეს განსაკუთრებული საგანძურია. ნაზიმ ზუსტად იცის, რომელი წიგნი სად დევს. დაზიანებული ლიტერატურა კი მისთვის განსაკუთრებული ტკივილია.

წიგნის მცველი ქალი და მკითხველისთვის ცოდნისა და სწორი რჩევების გამზიარებელი, ასაკის და მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მიუხედავად,  ისეთივე მონდომებული და ენთუზიაზმით აღსავსეა, როგორც ადრე. ნაზი სამომავლოდ  ბევრ აქტივობას გეგმავს.

მეტის ნახვა