ფესტივალი ”ღამის სერენადები“ იწყება

ღამის სერენადები

ფესტივალი “ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში, გალა კონცერტით გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები.

24 და 25 აგვისტოს ფესტივალი ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადმოინაცვლებს.

24 აგვისტოს თეატრის სცენას დაამშვენებენ ეილიკა ვუნში და რიკარდო მარინელო. შესრულდება ცნობილი საოპერო არიები, დუეტები, ნეაპოლური სიმღერები. საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად, შეასრულებს სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატას.

25 აგვისტოს საღამოზე ჰეიონ პარკი, ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით შეასრულებს ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს, ასევე, შესრულდება ინგლისელი კომპოზიტორის რალფ ვოან უილიამსის „The Lark Ascending” (ტოროლას აფრენა), თამარ ლიჩელთან ერთად.

ფესტივალის შემდეგი სამი კონცერტი სექტემბერში, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

ფესტივალის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში, დაგეგმილია ექვსი კონცერტი, რომლებსაც ქალაქები ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს - ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს. ფესტივალი არსებობის განმავლობაში, არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვა.

მეტის ნახვა