არქეოლოგიური აღმოჩენები გორში

აღმოჩენები გორში

გორი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალფეროვანი წარსულის მქონე ქალაქია. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, დედაქალიდან არც ისე შორს, 76 კილომეტრში.

ქალაქ გორს მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული წარსული აქვს, რაც სხვადასხვა ისტორიული თუ არქეოლოგიური წყაროების საშუალებით ცხადდება. დღევანდელ სტატიაში მიმოვიხილავთ გორის ისტორიას, უფრო ზუსტად კი გავეცნობით სხვადასხვა დროით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს.

გორის ისტორია

გორი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქალაქის სახელი წარმოდგება კლდოვანი გორაკისგან, რომელზეც გორის ცნობილი ციხე-სიმაგრეა გაშენებული (ძვ. წ. I ათასწლეული). როგორც ისტორიული წყაროებით დგინდება, შორეულ წარსულში სწორედ ამ ადგილის გარშემო იყო გაშენებული ქალაქის ტიპის ნამოსახლარი.

პირველი ისტორიული წყარო გორის შესახებ მე-11 საუკუნით არის დათარიღებული. ამ პერიოდის ისტორიკოსი, ჯუანშერი, თავის ნაშრომში მე-7 საუკუნის ამბების კონტექსტში მოიხსენიებს ქალაქ გორს. გადმოცემის თანახმად, გორი იყო ის ადგილი, სადაც სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა, არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძი დაფლა. ისტორიკოსი ამ სამალავს ,,ტონთიოს” სახელით მოიხსენიებს, რაც თანამედროვე ქართულში ,,ოქროს მთად” ითარგმნება.

გორის შესახებ უძველეს ცნობებს გვაწვდის ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნიც თავის ნაშრომში ,,ისტორია”. ავტორი აღწერს აფხაზთა მეფე თეოდოსსა და სომხეთის მეფე სუმბატს შორის გამართულ ბრძოლას. სწორედ აქ მოიხსენიებს ისტორიკოსი ქალაქ გორს.

ქალაქის დაარსება

ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, გორის დაარსება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება (XII ს.). როგორც ცნობილია, მეფე დავითმა ქალაქი გორის მნიშვნელობა როგორც ქართლისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის გააძლიერა. გორმა დაიკავა უფლის-ციხის ადგილი. მოსახლეობის გაზრდის მიზნით კი დავითმა გორში ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩამოიყვანა.

მეფის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე გორი მალე სამეფო ქალაქი გახდა, რომელსაც მეფის მოხელე, ქალაქის მოურავი განაგებდა. ვინაიდან ქალაქი ფეოდალური იყო, მას ციხის გარშემო ზღუდეც ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც ცნობილი ალაყაფის კარი იყო დატანებული. თავის მხრივ, ზღუდეს 4 მეტრი სიღმისა და 5 მეტრი სიგანის თხრილი ჰქონდა შემოვლებული.

არქეოლოგიური აღმოჩენები გორში

ქალაქი გორი არაერთხელ ყოფილა არქეოლოგების ინტერესის საგანი, სწორედ ამიტომ, გორის შესახებ არქეოლოგიური წყაროები მრავლად გვაქვს.

არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ახლანდელი გორის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე არსებობდა ქალაქის ტიპის დასახლება. უძველეს არქეოლოგიურ ძეგლად მიიჩნევენ ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარს, რომელიც მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარაულზე იყო გაშენებული.

გორის არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისთვის.

1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეს ჩამოწოლილმა მეწყერმა ანტიკური ხანის კულტურული ფენა გააშიშვლა. ეს მოვლენა გორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი იყო, ვინაიდან სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს სხვადასხვა ღირებული არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიურ ძეგლებს შორის იყო ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები.

კულტურული ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით არის დათარიღებული. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ციხის აღმოსავლეთით არსებული ამავე ხანის სამარხებიც. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აქ აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავს, რომელიც ანტიკური ხანით თარიღდება.

თანამედროვე არქეოლოგიური გათხრები

2021 წლის 27 სექტემბერს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუნდეტთა ჯგუფი გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში, სადაც არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში საინტერესო მასალა მოიპოვეს, მათ შორის: ცენტრალურ ამიერკავკასიური მომცრო ზომის ცული, ბრტყელი ცული, დიდი ზომის სხმულების ნატეხები, პატარა დანის პირი, დანის სატარე ყუნწი, ერთმანეთთან შედუღებული ბრინჯაოს ნაღვენთები და რკინის ბრტყელი სხმულები, ბრინჯაოსა და რკინის წარმოების კვალი - ცეცხლით გამომწვარ-გაწითლებული თიხის შელესილობის ფრაგმენტები და ა.შ.

შეჯამება

ქალაქი გორი დღესაც ინარჩუნებს არქეოლოგების ინტერესს, ვინაიდან ყოველი ახალი აღმოჩენა ზრდის ცნობიერებას ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქის შესახებ.

მეტის ნახვა