უამინდობის შედეგად გააქტიურებული მეწყრული პროცესები აჭარაში - ბერიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს

უამინდობის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა სოფელ ყოროლისთავში. ბერიძეები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის მასა მათ საფრთხის წინაშე აყენებთ. ოჯახს, შესაბამისი დასკვნაც აქვს, თუმცა ხელვაჩაურის მერიისგან დახმარება ამ დრომდე ვერ მიიღო. დაეხმარება თუ არა სახელმწიფო უკიდურესად გაჭირვებულებს?

გეოლოგების მიერ შემუშავებული ეს დასკვნა, 2022 წლით თარიღდება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წერს, რომ აუცილებელია ეზოს მთელ პერიმეტრზე, სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება.

შენობის ზედა მხარეს ესაზღვრება ძველმეწყრული ფერდი, საიდანაც წყალუხვობისა და თოვლის დნობის პერიოდში პერიოდულად ვითარდება ლოკალური მეწყრული ჩამოქცევა, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს. ლოკალური ჩამოქცევა ფიქსირდება საცხოვრებელ სახლთან ასასვლელ გზაზე, რომელიც ამჟამად გაწმენდილია. აუცილებელია ზედაპირული და სახლის სახურავიდან ჩამონადენი წყლების ერთიან სისტემაში რეგულირება და შესაბამისი არხების ან მილების საშუალებით უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა. აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს უახლოეს მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება საცხოვრებელ სახლსა და გზის მდგრადობას.

სახლის ირგვლივ ჩამოწოლილი მეწყერი უამინდობის შედეგად კიდევ უფრო გააქტიურდა. გვიყვებიან, რომ წვიმის დროს ბორცვიდან მიწა იშლება და  ეზოში იყრება. სოფელ ყოროლისთავში ბერიძეები დახმარებას ხელვაჩაურის მერიისგან დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვენ.

ბერიძეები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან, შესაბამისად სამუშაოების საკუთარი ძალებით დაწყების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. შიშობენ, რომ ყოროლისთავში იგივე ტრაგედია დატრიალდება, რაც რამდენიმე წლის წინ ჯოჭოში. პასუხისმგებლობას კი, მერიას აკისრებენ.

სამ წევრიანი ოჯახიდან, ორი ონკოლოგიური პაციენტია. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, მუშაობასაც ვერ ახერხებენ.

დაეხმარება თუ არა სახელმწიფო უკიდურესად გაჭირვებულებს ჩვენთვის უცნობია. ხელვაჩაურის მერიიდან, ვერც წერილობითი და ვერც სიტყვიერი პასუხი  მივიღეთ.

მეტის ნახვა