TV25-ის მენეჯმენტის განცხადება

TV25

სამაუწყებლო კომპანია „TV25“-ის 51%-იანი მმართველი წილის მფლობელის, ჯემალ ვერძაძის,

დირექტორის, მურთაზ ფრანგულაშვილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის,

სულხან მესხიძის ერთობლივი

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

განცხადება „TV25“-ის ქართველი და უცხოელი პარტნიორების, დონორების, საელჩოების, „TV25“-ის ერთგული მაყურებლებისა და გულშემატკივრების ინფორმირებისთვისაა.

ბოლო წლების განმავლობაში, სამაუწყებლო კომპანია „TV25“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 49%-იანი წილის მფლობელი გიორგი სურმანიძე, ტელევიზიის მისამართით აწარმოებს მიზანმიმართულ, ცილისმწამებლურ, იმიჯის შემლახველ კამპანიას.

ამ წლების (2017-2022) განმავლობაში, გიორგი სურმანიძემ არაერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არხის დისკრედიტაციის მიზნით. ის დღემდე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს (2012-2016) მაუწყებელი იყო ფინანსურად წარმატებული და უფრო რეიტინგული, ვიდრე დღეს.

ბატონი სურმანიძე ბრალს სდებს ტელევიზიის მენეჯმენტს (ამ შემთხვევაში დირექტორს) და მფლობელს, ჯემალ ვერძაძეს, რომ არსებული ფინანსური კრიზისი არასწორი მართვის ბრალია და სინამდვილეში, დირექტორი და მფლობელი გამდიდრდნენ.

გაცნობებთ, რომ „TV25“-ს 2012 წლიდან დღემდე (არც წინა წლებში) მოგებაზე არასოდეს უმუშავია. ტელევიზიის მთელი ფინანსური რესურსი ყოველთვის იყო მიმართული არხის გაძლიერებისკენ. 2012 წლიდან დღემდე, ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის განმსაზღვრელი ჩვენს პარტნიორებთან და დონორებთან ერთად გახლავთ სწორედ 51%-იანი მმართველი წილის მფლობელი, ჯემალ ვერძაძე. ამ პერიოდის განმავლობაში, ბატონი ვერძაძის მიერ ტელევიზიაში შემოტანილი თანხა ასეულობით ათას ლარს შეადგენს. ეს დადასტურებულია ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაციით.

ბატონი სურმანიძის, როგორც დამფუძნებლის მხრიდან კი, არც ერთი ლარი არხის სასარგებლოდ არასდროს დახარჯულა.

სინამდვილეში, 2013-2016 წლებში, ბატონი გიორგი სურმანიძე არაერთხელ ამხილეს ტელევიზიის კუთვნილი თანხების მითვისებაში. მას რამდენჯერმე მიეცა შენიშვნა - შეეწყვიტა არხისთვის დამაზიანებელი არაკეთილსინდისიერი ქმედებები. სამწუხაროდ, მან არ გაითვალისწინა პარტნიორის და ტელევიზიის ინტერესი.

საბოლოოდ, 2016 წლის სექტემბერში, გიორგი სურმანიძე, არაერთი მსგავსი ქმედების გამო, ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან დაითხოვეს.

აქვე აღვნიშნავთ, „TV25“-ის რეიტინგებთან დაკავშირებულ თემას. არხი 2016 წლიდან დღემდე რეგიონულ მაუწყებლებს შორის (ერთეული გამონაკლისის გარდა) უპირობო ლიდერია და ამის მოტყუება არ შეიძლება. მონაცემებს ითვლის ავტორიტეტული კომპანია, რომლითაც მთელი ქართული მედია სივრცე ხელმძღვანელობს.

გვინდა სიცხადე შევიტანოთ ტელევიზიის მართვის საკითხშიც. „TV25“ დღეს იმართება გუნდური პრინციპით. მენეჯერის ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეთანხმებულია საინფორმაციოს ხელმძღვანელთან, გუნდთან და ცხადია, მფლობელთან.

არხის ყველა ფინანსური ოპერაცია სრულიად გამჭვირვალეა და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ უფლებამოსილ პირს შეუძლია. 2016 წლიდან, ჩვენ გვემსახურება საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. მონაცემები ატვირთულია შესაბამის საიტზე.

დიახ, ვადასტურებთ, რომ გვაქვს ფინანსური კრიზისი. ბევრჯერ გვქონია და ერთობლივი ბრძოლით დაგვიძლევია. ასე იქნება ახლაც.

„TV25“, როგორც არხი, არასოდეს დაიხურება!

ჩვენ ვსაუბრობთ კრიზისზე, რომელმაც რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების სრულყოფილად მომზადებას. შესაძლოა, უსახსრობის გამო, ჩვენ გაგვიჭირდეს ჩვენს მაყურებელთან მისვლა, მთელი აჭარის მასშტაბით.

ჩვენი უპირველესი მიზანი ჩვენი გუნდის შენარჩუნებაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ორივე პარტნიორს აქვს უფლება მოიწვიოს ნებისმიერი ექსპერტი და შეაფასოს ვითარება. არხი მზადაა განიხილოს ყველა არგუმენტირებული, დასაბუთებული და სიღრმისეულად მომზადებული გეგმა.

თუ პროფესიონალების მიერ დამტკიცებული, მფლობელებთან შეთანხმებული გეგმის განხორციელებას ვერ შეძლებს დღევანდელი მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, გადადგება უპირველესად დირექტორი და საჭიროების შემთხვევაში, სხვებიც.

რაც შეეხება გიორგი სურმანიძის მიერ გუნდის დადანაშაულებას მორჩილებაში - ახალი ამბების რედაქციას მიაჩნია, რომ ტელევიზიის ერთ-ერთი მეწილის ამგვარი შეფასება თითოეული ჩვენგანისთვის არის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი. ბატონო გიორგი, იქნებ განმარტოთ რას გულისხმობთ ამ სიტყვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში.

და ბოლოს:

„TV25“ არ არის ოპოზიციური არხი!

„TV25“ არ არის სახელისუფლებო არხი!

„TV25“ არის ობიექტური მაუწყებელი! ემსახურება აჭარის მოსახლეობას და იცავს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს!

ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, რათა თავად განსაჯოს სიმართლე. დიდი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

P.S. იმ შემთხვევაში, თუ ბატონი გიორგი სურმანიძე კვლავაც გააგრძელებს „TV25“-ის დისკრედიტაციას, ტელევიზია იძულებული იქნება გაასაჯაროვოს მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და მიმართოს სასამართლოს.

მეტის ნახვა