სტიქიამ საცხოვრებელს სახურავი გადახადა ე.წ "ოცნების ქალაქში" - კადრები ადგილიდან

უამინდობამ პრობლემები შექმნა ე.წ „ოცნების ქალაქშიც“. ძლიერი ქარის შედეგად დასახლებაში კორპუსის საახურავი ჩაინგრა. დაზარალდა 10-მდე ოჯახი. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. მოქალაქეები ხელისუფლებისგან მყისიერ რეაგირებას ითხოვენ.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კორპუსის სახურავი, გუშინ მომხდარი სტიქიის შემდეგ ჩაინგრა. ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა 10-მდე ოჯახმა ღამე გარეთ გაათია, მათ შორის მიქელაძეებმაც. ჩავარდნილი ჭერიდან წვიმა პირდაპირ სახლში ჩადის. მიქელაძეებს ოჯახში სამი მცირეწლოვანი ჰყავთ.

ძლიერმა ქარიშხალმა მთლიანად გაანადგურა ავეჯი და ტექნიკა. ჩაინგრა სადარბაზოც. მოძველებულ და ამორტიზებულ სახლში სადენები ღიადაა. მოქალაქეები შიშობენ, რომ თუ კი ხელისუფლება დასახლებას ყურადღებას არ მიაქცევს, უბედურება ნებისმიერ დროს შეიძლება დატრიალდეს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები დროულ დახმარების ითხოვენ.

წვიმა ჩადის პირველ და მეორე სართულებზეც. სხვა პრობლემებთან ერთად, ამ კორპუსში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშეც არიან დარჩენილები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ცხოვრებას დიდხანს ვეღარ შეძლებენ.

ძლიერმა ქარმა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხეებიც მოგლიჯა, რის გამოც, საავტომობილო გზებზე გადაადგილება იყო შეზღუდული. გარემოსდამცველის განმარტებით, მერიას გასულ წელს ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ წინადადება რომ გაეთვალისწინებინა, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ასეთი სურათი არ იქნებოდა. კახაბერ გუჩმანიძის თქმით, მსგავსი შედეგი იმის გამო დადგა, რომ აგროტექნიკური სამუშაოები არ ხორციელდებოდა და ევკალიპტები არ მოწმდებოდა.

ბათუმის მერიის ცნობით, დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება უკვე გაეწიათ.

მეტის ნახვა