რა როლი აქვს მედიას სოფლად მცხოვრებლებისთვის?

მედიას დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მაუწყებლები ხშირ შემთხვევაში რიგითი ადამიანების ცხოვრებას ცვლიან, ამხელენ მაღალი თანამდებობის პირებს, ხმამაღლა საუბრობენ სისტემურ ხარვეზებსა თუ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციულ მედიას სოფლად მცხოვრებლებისთვის - იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ და ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებად ტელევიზიები რჩებათ.

ასე ახალშენში მცხოვრები ზეინაბ თედორაძე ტრადიციული მედიის როლს აფასებს. ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც სიმართლეს დევნიან, თავისუფალი სიტყვის ერთადერთ წყაროდ დამოუკიდებელი ტელევიზიები რჩება. სოფლად მცხოვრები ქალისთვის რეგიონული მაუწყებლების მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მეოთხე ხელისუფლების ნაცვლად, მას პირველს უწოდებს.

ზეინაბის ყოველი დილა ახალი ამბების ყურებით იწყება. ამბობს, რომ სოფლებში, სადაც მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს,  ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ ტელევიზია რჩება. აქ განსაკუთრებულ ხაზს რეგიონული მაუწყებლების მნიშვნელობას უსვამს, თუმცა ამბობს, რომ მედია დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, მძიმე გზას გადის.

ზეინაბისგან განსხვავებით, ახალი ამბების ყურებას სოფელ გორგაძეებში მცხოვრები ჟუჟუნა დავითაძე მხოლოდ საღამოს საათებში ახერხებს. მიუხედავად პოლიტიკური თუ სოციალური დღის წესრიგის ინტერესისა, დღის განმავლობაში მას ტელევიზორის ყურების საშუალება არ აქვს, რადგან, სამუშაოდ ბათუმში უწევს ყოფნა. ამბობს, რომ ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება სოფლად მცხოვრებლებისთვის ტელევიზიაა.

დამოუკიდებელი მედიის როლს ჟუჟუნა დავითაძეც მნიშვნელოვნად აფასებს. ამბობს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, ტელევიზიებს დიდი როლი აქვთ: საზოგადოებამდე სიმართლის სწორად მიტანა.

მედია მოდერატორის როლს თამაშობს საზოგადოებასა და სხვადასხვა სტრუქტურას შორის, ასე რომ მისი როლი სოფლად მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მეტის ნახვა