მოქალაქის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება

მოქალაქის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ რამდენიმედღიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ, ალექსანდრე იაკობაძე დახმარებას მიიღებს. მოქალაქე, სოფელ სამებადან, ენერგოკომპანიას, ამორტიზებული ბოძისა და დაზიანებული სადენების გამოცვლას სთხოვდა, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პრობლემა მრიცხველის მიღმა იყო, შეტყობინება რეაგირების გარეშე რჩებოდა. დღეს, ადგილობრივი სიკვდილს გადაურჩა. დაზიანებულმა გადამცემმა, დენი გაატარა, რის გამოც ალექსანდრე იაკობაძე, მშენებლობის მეორე სართულიდან გადავარდა.

ალექსანდრე დღეს გადარჩა. ამბობს, რომ სასწაულებრივად. იგი, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას ცდილობდა, როცა დენმა გაატარა და მშენებარე სახლის მეორე სართულიდან გადავარდა.

სადენი, სიძველისგან დაზიანებულია, მაგრამ განსაკუთრებით რისკისშემცველი ბოლო რამდენიმე დღეა გახდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში დამონტაჟებული ბოძი, სიძველისგან, უამინდობისას წაიქცა. ალექსანდრე, ამბობს, რომ ენერგოკომპანიას, პრობლემის აღმოფხვრისთვის მას შემდეგ უკავშირდებოდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. დაზიანება მრიცხველის მიღმაა და ჩვენ არ გვეხება, - იღებდა პასუხს.

ალექსანდრე იაკობაძის მრიცხველი მეზობლის ეზოშია. ამბობს, რომ წლების წინ, კომპანიამ იგი საკუთარ საცხოვრებელთან არ დაამონტაჟა. ახლა ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა, ხარჯების დაზოგვისთვის.

პრობლემა მეზობლებსაც აწუხებთ. ამბობენ, რომ გადამცემები ხშირად ზიანდება, რადგან ხის ბოძები სიძველისგან ლპება, იქცევა და საფრთხეს ქმნის. ეშინიათ ბოსტანში მუშაობის, იმ საცალფეხო გზით სარგებლობისაც, რომლის გაყოლებაზეც ძველისძველი გადამცემი გადის.

ენერგოკომპანიაში, ჩვენც იგივე გვიპასუხეს. რომ გაყვანილობა, ბოძთან ერთად, აღრიცხვის კვანძის მიღმაა, აბონენტის შიდა ქსელია და მის გამართულ მუშაობაზე თავად მესაკუთრეა პასუხისმგებელი. აქვე, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მოგვწერა, რომ ამ მოცემულობის მიუხედავად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეხმაროს აბონენტს. კომპანიის მიერ მიღებული ზომები, დღის ბოლოს, თავად ალექსანდრე იაკობაძემაც დაგვიდასტურა.

მეტის ნახვა