ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - მოსახლეობა "ნაზილბეს" მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში. თამარის დასახლებაში მცხოვრებლები „ნაზილბეს“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. სადავოა ტერიტორია, სადაც კომპანია სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს. დაპირების თანახმად, მონაკვეთი მოსახლეობის სარგებლობაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა ადგილზე მძიმე ტექნიკა დღეს ისევ გამოჩნდა და შემოღობვა დაიწყო. მოქალაქეების თქმით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და საკუთრებას, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, არ დათმობენ.

ეს ხმაური ბათუმში თამარის დასახლებაში მიმდინარე მშენებლობამ გამოიწვია. მოსახლეობა კერძო ტერიტორიაზე კომპანია „ნაზილბეს“ მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებს. ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის დაპირების მიუხედავად, სამშენებლო პროცესი არ წყდება. ადგილობრივები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქცია მალევე მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივებმა მოგვიანებით გზა გადაკეტეს, თუმცა ხელი მათ ტერიტორიაზე მობილიზებულმა  პოლიციამ შეუშალა. მოქალაქეებმა ნაზილბეს მიერ დაქირავებულ მშენებლებს,  სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდეს,  რასაც,  მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მსვლელობისას ადგილზე ნაზილბეს წარმომადგენელი გამოჩნდა. მამუკა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ტერიტორია კერძოა და სამუშაოები კანონის დაცვის ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველაფერი წლების წინ დაიწყო. თამარის დასახლებაში არსებული ეს ტერიტორია, სადაც ერთ-ერთი ქარხანა იყო, კომპანია „ნაზილბემ“ შეიძინა. მაშინ მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ ადგილზე სავაჭრო ცენტრთან ერთად აქ, სპორტული კომპლექსი და სკვერიც მოეწყობოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოტყუვდნენ. ამტკიცებენ, რომ ნახევარ მილიარდიან  ინვესტიციაში რეკრეაციული სივრცე გათვალისწინებული არ არის. უფრო მეტიც, ეუბნებიან, რომ ბავშვები 1 კილომეტრით მოშორებულ მოედანზე ატარონ, სადაც ნავთობის მილები გადის.

ეს ყველაფერი არ არის. კომპანიასთან აქ მცხოვრებლებს კიდევ ერთი პრეტენზია აქვთ. „ნაზილბეს“ წარმომადგენლებმა სამუშაოების წარმოების გამო, ადგილზე ერთადერთი მოსაცდელი აიღეს, რის გამოც  ლოდინი წვიმასა და ქარში, ღია ცის ქვეშ უწევთ.

ადგილზე უფლებადამცველიც იმყოფებოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, მოტყუებული მოქალაქეები პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე დაპირებები არ შესრულდება.

შეხვდება თუ არაა მოსახლეობას თორნიკე რიჟვაძე და უშუამდგომლებს თუ არა მთავრობა კერძო კომპანიასთან მოქალაქეებს? უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

მეტის ნახვა