დაზიანებული მანქანები, შენობები სახურავების გარეშე, მოგლეჯილი ხეები - ბათუმში, სტიქიის შედეგები მძიმეა

დაზიანებული მანქანები, შენობები სახურავების გარეშე, ჩამსხვრეული მინები, მოგლეჯილი ხეები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ბათუმში  დამანგრეველი  ქარის შედეგები მძიმეა.  ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა დასუფთავება და სახურავების აღდგენა უკვე დაწყებულია.  რა ზიანი მოუტანა ბათუმს ძლიერმა ქარმა. დეტალები თამარ კიკნაძის რეპორტაჟში. 

პატარა ბავშვის გადარჩენისთვის ეტლს რამდენიმე ადამიანი ერთად ამაგრებდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრია, გუშინ, მოულოდნელად ამოვარდნილი დამანგრეველი ქარის ქრონიკებიდან.

ძლიერი ქარი, თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. რამდენიმე წუთი იყო დამანგრეველი, თუმცა, საკმარისი საიმისოდ, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მოეტანა. გრიგალმა, შენობებს არაერთ მისამართზე, სახურავი გადახადა.

მუნიციპალური სერვისების მართვის სააგენტო, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად დილიდან მუშაობს. მიმდინარეობს, სახურავების აღდგენა და გამაგრება. თუმცა, ჯერჯერობით, მერიას დამანგრეველი ქარის შედეგები არ დაუთვლია და ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

ათობით ხე წაიქცა ქალაქის მასშტაბით. კიდევ უფრო მეტი, დაზიანდა. ბათუმის გამწვანების სამსახური დაზიანებული და წაქცეული ხეების აღდგენაზე, ამ დრომდე, მუშაობს.

გუშინ საღამოს ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. წაიქცა მოსაცდელი რუსთაველზე, დაზიანდა ნაგვის ურნები, ავტომობილები. პრობლემები შეიქმნა აეროპორტშიც. თვითმფრინავმა აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო, თუმცა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტის ნახვა